კახა კალაძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. რამდენადაც მედიისთვის გახდა ცნობილი, გაზიფიცირების პირველ ეტაპზე, ქალაქ ტყიბულში 900 მ სიგრძის დაბალი წნევის გაზსადენი აშენდა. ბუნებრივი აირის მოხმარებას 140 ოჯახი შეძლებს. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ქალაქ ტყიბულში გაზიფიცირების პირველ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების მიზნით, სამონტაჟო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს. ასევე, მიმდინარეობს ტყიბულის გაზიფიცირების მეორე ეტაპიც. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, რის შედეგადაც ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობა დამატებით 5 ათასამდე ოჯახს მიეცემა. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის დამონტაჟება მოსახლეობას შეღავათიან ფასში, ყოველთვიური 25- ლარიანი შენატანით შეეძლება.