მერაბ ტურავა უფლებამოსილების აღსრულებას სასამართლოში ფიცის დადების შემდეგ შეუდგება
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა უფლებამოსილების აღსრულებას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების შემდეგ შეუდგება, – ტურავამ ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ფიცის დადების ცერემონიალს, ტურავას თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები დაესწრებიან.
ცერემონიალის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა, მისი თქმით, ფიცს, სავარაუდოდ, 2 კვირის ვადაში დადებს. ახლად არჩეულმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კანონით ყველა ბერკეტი აქვს მოსამართლეს, რომ ის სრულიად მიუკერძოებელი და ობიექტური იყოს. „20 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ეს დადგენილება გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში, თუმცა იმისათვის, რომ უფლებამოსილების აღსრულებას შევუდგე, აუცილებელია ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცი დავდო.
ფიცის დადებას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრებიან. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბრიდან იყო ვაკანტური. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა პირველად ჩემი კანდიდატურის კენჭისყრა, მაგრამ წინა კენჭისყრის შემდგომ რამდენიმე ხმა დამაკლდა და მეორედ კენჭისყრა გახდა საჭირო. მეორედ შესაძლებელი იყო წარდგენა, მაგრამ თუ მეორედ ვერ მივიღებდი მხარდაჭერას, კენჭისყრისას მესამედ ჩემი კანდიდატურის წარდგენის საშუალება არ მქონდა. მე ამჯერად 84 პარლამენტარმა დამიჭირა მხარი, 75 კაცის მხარდაჭერა საკმარისი იყო. მე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ მიმიღია, მაგრამ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მომასამართლე ყველა პოლიტიკური ძალის და ყველა მოქალაქის ინტერესების დამცველი ვიქნები. ამისთვის სრული მხარდაჭერა და თავისუფლება მაქვს კანონით.
არცერთ სახელმწიფო ორგანოს, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გათავისუფლების უფლება არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ბერკეტი გავქვს, რომ ყველა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად მივიღოთ. სამწუხაროდ, გასული წლებიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემა საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხით არ სარგებლობს, შესაბამისად, სასამართლომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ნდობა დაუბრუნდეთ“,- განაცხადა მერაბ ტურავამ. ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს, შესასწავლია და გადმოსაღებია ის მოდელი, რომელიც ევროპულ ქვეყნებში: გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში არსებობს, რათა ევროპული ტიპის საკონსტიტუციო სასამართლო იყოს საქართველოშიც.