თეიმურაზ ხარაბაძე – ბევრი ნიჭიერი პროფესიონალი მხატვარი ვიცი, რომელიც შემოქმედებითად აღარ მუშაობს, და ეს დიდი ტრაგედიაა
„ამ ზაფხულს საერთაშორისო პლენერზე გახლდით პოლონეთში და ყველა უცხოელ მხატვარს საკუთარი, უმაღლეს დონეზე დაბეჭდილი სქელი წიგნის მსგავსი კატალოგი ჰქონდა. მე ძალიან გამიხარდა და, ამავდროულად, შემრცხვა, როცა მაჩუქეს ეს კატალოგი, იმიტომ, რომ უცხოელები იგივე ჟესტს ელოდებოდნენ ჩემგან. მე უხერხულად ვიგრძენი თავი უქონლობის გამო და ვუთხარი: არ წამომიღია, საქართველოში დამრჩა მეთქი“. – თეიმურაზ ხარაბაძე.
– ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეზიარეთ…
-ბავშვობიდან მხატვრულ სივრცეში ვიზრდებოდი. თბილისში დავიბადე. შეიძლება ითქვას, ხელოვანების ოჯახში. მამა-ზურაბ ხარაბაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარია, დედა – ლიანა კვირკველია თბილისის მეცხრე მუსიკალური სასწავლებლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი გახლავთ. მამა ზოგჯერ სახლში მუშაობდა. მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით და მე გულმოდგინედ ვაკვირდებოდი ამ პროცესს, ვაკვირდებოდი, როგორ ავლებდა ფანქრით ხაზს და ფუნჯს, როგორ იკავებდა ხელში, როგორ სრულდებოდა მონასმი. სულ რაღაც 3-4 წლის ვიქნებოდი, პირველად ხელში ფუნჯი რომ ავიღე და მისი სწორად დაჭერა ჩემით ვისწავლე. მერე მამამ ნება დამრთო და ფურცელზე გუაშის საღებავებით ნახატი დავხატე. იმდენად გამიტაცა ფერში და ფანქარში მუშაობამ, რომ ყოფილა შემთხვევები, დედას ძალით მოვუწყვეტივარ მუშაობის პროცესს, რომ დროზე დამეძინა. სამწუხაროდ, დედისგან მუსიკალური ნიჭი არ გამომყვა და ტყუილად ვიარე სამი წელი მუსიკალურ სასწავლებელში.
– მამა როგორც პედაგოგი.. .
-მამაჩემი სულ მასწავლიდა და ახლაც უნდა, რომ მასწავლოს, მე კი უკვე ისეთ ეტაპზე ვარ, თავისუფლად შემიძლია ჩემი გამოცდილება სხვებს გავუზიარო. მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის შემდეგ მშობლებთან დამაკავშირებელი გზები იყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრება იწყება.
-პროფესია დამოუკიდებლად აირჩიეთ?
– იმ დღიდან, ფუნჯით ხატვა რომ ვისწავლე, მიზნად დავისახე, მხატვარი გავმხდარიყავი. 1969 წელს თბილისში, ესთეტიკის კვლევითი ინსტიტუტის კედლებში, სადაც მამა მთავარ მხატვრად მუშაობდა, ჩატარდა კონკურსი. ამ კონკურსში პირველი ადგილი დავიკავე და ოქროს მედლით, სიგელით და საჩუქრით დამაჯილდოვეს. საჩუქარი ძალიან ლამაზი, ემბლემიანი ფურცლებით სავსე ალბომი იყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სხვათა შორის, იმ დროს 5 წლის ვიყავი და ის ნახატები ახლაც მაქვს. მამას შეუნახია და დიდი ემოციებით გადმომცა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მხატვრობას გავყოლოდი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის #53 საშუალო სკოლაში რვა კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში. ოთხი წელი ვისწავლე ამ სასწავლებელში, სადაც ჩემი ჯგუფის დამრიგებელი და პედაგოგი ქალბატონი თამილა კინწურაშვილი იყო, ფერწერას კი გამოჩენილი მხატვარი, ბატონი ალექსანდრე (ალიოშა) ვეფხვაძე მასწავლიდა. ნამდვილად დამოუკიდებლად ავირჩიე პროფესია.
– სამოქალაქო ომის დროს მოგიწიათ სტუდენტობა…
– ძალიან მძიმედ მახსენდება 90-იანი წლები, დიპლომის დაცვის პერიოდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ტყვიების ზუზუნის ქვეშ. 25 წლის ასაკში ჩემი ერთადერთი ძმის, გია ხარაბაძის ტრაგიკული გარდაცვალება და სამოქალაქო ომი. ძალიან მიმძიმს ამ წლების გახსენება, უამრავი მეგობარი დავკარგე. მაგრამ რას იზამ?! ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია და მწარე მოგონებად დამრჩა… იყო შემოქმედებითი პაუზაც… რაღაც პერიოდი გავჩერდი და საერთოდ ვეღარაფერს ვაკეთებდი, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მოტივაცია დავკარგე და დეპრესიაში ჩავვარდი. მე ვთვლი, მიზანი, რომელიც დავისახე, ნაწილობრივ მიღწეულია და რაც განუხორციელებელი დამრჩა, ვცდილობ, დროდადრო განვახორციელო. ამ ეტაპზე, პოლონეთის მხატვართა კავშირის ვარშავის განყოფილების წევრი ვარ და ამავე ორგანიზაციის საგამოფენო სივრცეში ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას.
– როგორი მამა და მეუღლე ხართ?
– რადგან ჩემი მშობლები ქუთაისიდან არიან წარმოშობით და ჩემი ფესვები ქუთაისს უკავშირდება, ზაფხულობით ხშირად ვიმყოფებოდი ბებიასთან, უფრო სწორად – ბებიებთან. 1995 წელს რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება: ქუთაისში შევქმენი ოჯახი და ახლა მყავს მეუღლე ნინო ხარაბაძე და შვილები – გია და სანდრო ხარაბაძეები.
ხატვის ნიჭი ორივე შვილს აქვს, მაგრამ ინტერესი არა გააჩნიათ.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
– დროებით სულ სხვა პროფესია ავირჩიე და მუშაობა დავიწყე ქალაქ ქუთაისში, საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მცირე ბიზნესის პროგრამის მონიტორად. ეს მომენტი, როგორც მხატვარს უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ამ საქმესაც გავართვი თავი და ახლაც ამ ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორის პოზიცია მიკავია. იყო ბევრი წარმატებული გამოფენა… 1995 წლიდან ნელ-ნელა ხატვასაც დავუბრუნდი. ვერ გავძელი შემოქმედების გარეშე და პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ არსებულ გალერეა „შარდენში“ მოვაწყე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო: თითქოს მეორედ დავიბადე, როგორც ხელოვანი და ამის შემდეგ მეორე პერსონალური გამოფენა 2011 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, „აკადემია ჰოლის“ საგამოფენო სივრცეში გაკეთდა. შემდეგ 2011 წელს ლიტველი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა ქალაქ მოლეტაში და ვილნიუსში მოეწყო. 2012 წელს -ჯგუფური გამოფენა აუციონში DROUT (პარიზი, საფრანგეთი). 2012-ჯგუფური გამოფენა აუქციონი DROUT (ევიან, საფრანგეთი); 2012- ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა (პოლონეთის მხატვართა კავშირში ვარშავა, პოლონეთი.); 2014 წელი – X საერთაშორისო გამოფენა პლენერი „ვერცხლის ქალაქი“ (ოლკუში); 2014- მთავარ საგამოფენო დარბაზში Olkusz; ( BWA პოლონეთი).
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის განგაწყობთ?
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის განმაწყობს, არის მოწესრიგებული და მასალებით დახუნძლული, მხატვრის კომფორტული სტუდია-სახელოსნო (სადაც ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ თავდაუზოგავად იშრომო), და, უპირველეს ყოვლისა – მუზა, შესაბამისი განწყობა და მონდომება.
– დაუვიწყარი პედაგოგები?
– ყველასაგან მინდა გამოვყო ჩემი აღმზრდელი პედაგოგი და მშობელი, დამსახურებული მხატვარი ბატონი ზურაბ ხარაბაძე, რომელმაც ჩამომაყალიბა ასეთად. ასევე არ მინდა დამავიწყდეს იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის პედაგოგები: დამსახურებული მხატვარი, ალექსანდრე (ალიოშა) ვეფხვაძე და მხატვარი, ჯგუფის დამრიგებელი თამილა კინწურაშვილი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან მინდა აღვნიშნო, სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე, დამსახურებული მხატვარი, პროფესორი, ქალბატონი დინარა ნოდია, ფერწერის სპეციალობის პროფესორი დამსახურებული მხატვარი, ბატონიი ბეჟან შველიძე, გრაფიკის კათედრის პროფესორი, მხატვარი, ბატონი სერგო კაშხიანი. ამ ადამიანების დახმარებით დიდი ნაბიჯები გადავდგი წინსვლისკენ, რამაც ბევრი აღიარება, გამარჯვება მომიტანა.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში?
– მოგეხსენებათ, რომ ფერები ძვირი სიამოვნებაა მთელ დედამიწაზე (უცხოეთში თუ საქართველოში), თავისი ატრიბუტიკით და დამხმარე მასალებით. ფერწერა ფერთა შეხამებას და ფერთა სასიამოვნო თამაშს ნიშნავს, ანუ თბილი და ცივი ფერების ურთიერთდამოკიდებულებას. ჩემი ნამუშევრები, ვფიქრობ, ამ პრინციპით არის შექმნილი.
– მხატვრის ბედი საქართველოში?
-მხატვრის ბედი საქართველოში, ეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია და ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე. მოშლილია მხატვართა კავშირის და, ზოგადად, კულტურის როლი მხატვრების მიმართ; არ არსებობს წამახალისებელი ფინანსური მხარდაჭერა; დაკვეთები, თუ არსებობს,- ძალიან მცირე რაოდენობით. მხატვარი თვითონ იღებს თავის თავზე ყველა ხარჯს: ფერებით, დამხმარე მასალით, საგამოფენო სივრცის დაქირავებით, ნამუშევრების მოწესრიგებით (ანუ ჩარჩოში ჩასმა მაქვს მხედველობაში), უსაფრთხო ტრანსპორტირებით და სხვა მრავალი რამით. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ფიქრობს საკუთარი ნამუშევრების გაპიარებაზე: თუ რომელი მედია მოიწვიოს, სად შეიძლება და როგორ ნამუშევრების რეალიზაცია. ამ ზაფხულს საერთაშორისო პლენერზე გახლდით პოლონეთში და ყველა უცხოელ მხატვარს ჰქონდა საკუთარი, უმაღლეს დონეზე დაბეჭდილი, სქელი წიგნის მსგავსი კატალოგი, მე ძალიან გამიხარდა და, ამავდროულად, შემრცხვა, როცა მაჩუქეს ეს კატალოგი, იმიტომ, რომ უცხოელები იგივე ჟესტს ელოდებოდნენ ჩემგან. მე უხერხულად ვიგრძენი თავი უქონლობის გამო და ვუთხარი: არ წამომიღია, საქართველოში დამრჩა- მეთქი. კრიზისი ყველგან არის და, ზოგადად, ყველაფერს შეეხო, ჯაჭვური რეაქციით მოიცვა ყველაფერი, განსაკუთრებით მხატვრობა. ბევრი ნიჭიერი მხატვარი ვიცი, პროფესიონალი, რომელიც აღარ მუშაობს შემოქმედებითად და ეს დიდი ტრაგედიაა. მახსოვს, 2013 წელს დავით კაკაბაძის სახელობის, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში 90-იანების ქუთაისელი მხატვრების გამოფენაზე, სადაც მეც ვ მონაწილეობდი, გალერეის დირექტორი, ქალბატონი ელისო ჩოგოვაძე გამოვიდა სიტყვით და ჩვენ, ვინც ამ გამოფენაში ვმონაწილეობდით, გმირებად შეგვრაცხა…
-ყოფილა ასეთი, ნახატი არ გამოგსვლიათ, გიწვალიათ, ხელახლა დაგიხატავთ და შედეგიც მიგიღიათ…
– კი ნამდვილად ყოფილა და სხვებიც მეუბნებიან, რომ ძლიერი ნებისყოფა მაქვს და არ ვეშვები, ბოლომდე თუ არ მივიყვან საქმეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოლოში მაინც ვაღწევ დასახულ მიზანს.
– ის, რასაც აუცილებლად ასწავლით შვილებს?
– აუცილებლად ვასწავლი შვილებს სამშობლოს და ბუნების სიყვარულს, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ: თუ ადამიანს სამშობლო და ბუნება უყვარს, ის არასოდეს არ იქნება ბოროტი და ეცდება, ყოველთვის სიკეთე აკეთოს. ვასწავლი მაღალი ფასეულობების დაფასებას და ურთიერთპატივისცემას. მე მგონია, უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ ბევრი საკითხის დადებითად გადაწყვეტა. ვფიქრობ, დიდი დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ შვილებს. შვილები ხომ ჩვენი მომავალია!
ირმა მირზაშვილი