„პროფესიით მეზღვაური ვარ, სული და გული კი ხელოვნებას ეკუთვნის…“
„სკოლაში სიარული სერიოზულად აღარ მიმაჩნდა, მეცხრე კლასიდან გამოვედი და კადეტთა სამხედრო სკოლაში ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, საზღვაოს მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ მქონდა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ყველაზე პერსპექტიულ პროფესიად მომეჩვენა. გარდა ამისა, სიახლე და საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა.“ – მეზღვაური ალექსი პაიჭაძე.
-გარკვეული ბარიერები ალბათ შეგხვდა…
– მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. სირთულეებიც და ბარიერებიც ბევრი იყო, მათი გადალახვა კი – ძალიან რთული. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოთხი წელი ვცდილობდი მუშაობის დაწყებას. 2008 წლის აგვისტოს ომმა კრიზისიც მოიტანა, სადაც ვშოულობდი სამუშაოს, იქ ვმუშაობდი. პარალელურად ვმეცადინეობდი, რომ ჩემს პროფესიას არ ჩამოვშორებოდი.
– პირველი კონტრაქტი…
– დიდი წვალების, მოლოდინის შემდეგ გავაფორმე პირველი კონტრაქტი. ძალიან გახარებული და შემართებით ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი თვე მიწევდა ოჯახის დატოვება და ორი თვის შვილის, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ეს იმ ფაქტმა დამაძლევინა, რომ მიზანთან ახლოს ვიყავი და ამდენი წლის შრომა რაღაცით გვირგვინდებოდა. მეორედ წასვლა უფრო გამიჭირდა. ენთუზიაზმმა გაიარა, სამუშაო უკვე ჩვეულ რიტმში ჩაჯდა და ოჯახთან განშორებაც უფრო რთული იყო.
– ახლა გერმანულ კომპანიასთან გაქვს კონტრაქტი…
– სულ სამი კონტრაქტი შევასრულე. პირველ და მეორე გასვლაზე პრაქტიკანტი ვიყავი, ახლა, ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯებს ვდგამ. დაბალი საფეხურით დავიწყე და უკვე პირველი თანამდებობა მივიღე, მეოთხე ინჟინერი ვარ, ვცდილობ, წინ წავიდე და ცხოვრებაში ჩემს მიზანს მივაღწიო.
საერთოდ, რთულია მეზღვაურების დასაქმება და ამიტომ გვიწევს უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა. როგორც ვიცი, საქართველოში კარგი ადმინისტრაცია ჰყავს საზღვაოს, კარგი მიმართულებით მიდიან და ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ყველა მეზღვაურის დასაქმება.
– რა არის ყველაზე მთავარი მეზღვაურისთვის?
– მეზღვაურისთვის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური მომზადებაა. ფსიქოლოგიურად უნდა იყო მომზადებული ყველაფრისთვის, მათ შორის, რაც იქ გელოდება. სწორად უნდა მიუდგე შენს პასუხისმგებლობას, სამუშაოს შესრულების დროს უნდა შეგეძლოს ფიქრები გვერდზე გადადო, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაუბრუნდე შენს ოჯახს. შიშის გრძნობა არასდროს მქონია, პირიქით, სირთულეები უფრო მაინტერესებდა და მიზიდავდა.
– რა გასწავლა შენმა პროფესიამ?
– საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი მომცა. დამოუკიდებელი ცხოვრება და სირთულეების გადალახვა მასწავლა. არ უნდა შეუშინდე სირთულეებს, არ უნდა დანებდე და ყველაფერს შეძლებ, მიაღწევ. ყოფილა მომენტები, როცა წასვლა არ მინდოდა, რთულია ოჯახთან განშორება, მოკლებული ხარ ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ძალას ვიკრებდი და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი. დღეს კმაყოფილი ვარ. ხალხთან არ მიყვარს ლაპარაკი, რომ მეზღვაური ვარ, მაგრამ საკუთარ თავთან ამაყიც ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც სირთულეები გადალახა. შევძელი და საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია, საკუთარი საქმით ჩემი სიტყვა ვთქვა ამ ცხოვრებაში.
გარდა იმისა, რომ ვბრუნდები ხალხმრავლობასთან, გარკვეული ადაპტაციის პერიოდიც მაქვს. ხშირად ნოსტალგიაც მიჩნდება, რადგან გემზე უსასრულო ფიქრის საშუალება მაქვს, გავაანალიზო ყველაფერი და საკუთარ ცხოვრებასაც გვერდიდან შევხედო. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, ბევრ რამეს სხვა კუთხით ხედავ, ფაქტობრივად, სხვისი თვალით უყურებ საკუთარ თავსაც კი.
– როგორც ვიცი, ხელოვნებითაც ხარ გატაცებული…
– სახლში რომ ვბრუნდები, შეიძლება ითქვას, რომ მთელ დროს ხელოვნებას ვუთმობ. მინდოდა ავტოდიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ერთ დღეს უბრალოდ ვიჯექი, ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, რაღაცები გავაანალიზე და ჩემი აზრები, ემოციები და გრძნობები ქაღალდზე გადმოვიტანე. ფანქარში შესრულებული სიურეალისტური ნახატი გამომივიდა, რაც ძალიან მომეწონა. ვხატავ მხოლოდ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
აგრეთვე ვწერ სიმღერებს. 2008-2009 წლებში როკჯგუფიც ჩამოვაყალიბე, მაგრამ არ გამოვიდა. ყველა ჩვენი გზით წავედით და დავიშალეთ.
ვწერ ლექსებს, ქართულ და რუსულ ენებზე. 2010 წელს გამოვუშვი პირველი კრებული. მეორე კრებულიც მზად მაქვს მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ დაბეჭდვას. ხშირად მეკითხებიან, რატომ მაქვს სევდიანი ლექსები და ნახატები, რაზეც სულ მეცინება. სამწუხაროდ, დადებითი და პოზიტიური მომენტები ამ ცხოვრებაში დეფიციტი გახდა. როცა კარგ ხასიათზე ვარ, ხატვისთვის დროს არ დავკარგავ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, უფრო გადმომაქვს ემოციები.
– თავიდან რომ გქონდეთ პროფესიის არჩევის საშუალება…
– გააჩნია გარემოებებს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მთელ ცხოვრებას ხელოვნებას მივუძღვნიდი.
მზევინარ ხუციშვილი