„მილიარდებით დაგებული გზების ნაწილზე ასფალტის ფენების სისქე იმაზე ნაკლებია, რამდენიც უნდა იყოს“
2004 წლიდან მოყოლებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გაწეული ხარჯი დაახლოებით 3,253 მილიარდი ლარია. მიუხედავად ამისა, უგზოობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აღმოჩნდა, რომ მილიარდებით დაგებული გზების ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენების სისქე იმაზე ნაკლებია, რამდენიც უნდა იყოს. ასევე, ზედა და ქვედა ფენებში ფორიანობის საშუალო პროცენტი 2-3-ჯერ მაღალია დასაშვებ ნორმასთან შედარებით, რაც მინერალური მასალების დაკლებითაა გამოწვეული.
„ნორმალურად დაგებულმა გზამ 18 წელი მაინც უნდა გაძლოს, რეაბილიტაცია კი მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ დასჭირდეს. საქართველოში კი ახალი გზა 6-7 წელიწადზე მეტს ვერ ძლებს. ვიდრე გზის დაგება ან რეაბილიტაცია გადაწყდება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სათანადო დიაგნოსტიკა, გრუნტის შემოწმება, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. ამ რაოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის გამო, საგზაო პროექტები განსაკუთრებული ინტერესის საგანია. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უამრავი დარღვევა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა აღმოაჩინეს. კვლევების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კანონის უხეში დარღვევებით ტარდებოდა ტენდერები, სამუშაოები სრულდებოდა არარეალური და გაბერილი ხარჯთაღრიცხვებით, ხდებოდა იმ კომპანიების ლობირება, რომელთაც ჩაშალეს ცალკეული პროექტები, უხეშად დაარღვიეს ვადა და არარეალური ხარჯი წარმოადგინეს“, – წერს გამოცემა.