ალია: “ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს ერთ-ერთი პოლიტიკოსის გატაცებას და ცემას გეგმავს
გაზეთი „ალია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარტიის წევრები 21 მარტს პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ, ხოლო იმ შემთხვევაSი, თუ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების საკმარისი რაოდენობა არ მოგროვდა, შესაძლოა, მათ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი კი გაიტაცონ და შემდგომ ეს ყველაფერი მოქმედ ხელისუფლებას დააბრალონ.
„ხელოვნურად უნდა აწიონ ხალხში ტემპერატურა, საპროტესტო მუხტი უნდა გააღვივონ და ვინც არც „ნაცებს“ უჭერს მხარს და არც ხელისუფლებას, ამ ხალხის ნაწილი გარეთ უნდა გამოიყვანონ. თავად უნდა მოაწყონ პროვოკაციები, მერე ხელისუფლებას დააბრალონ და ხალხი დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ხალხზე მოძალადეა. ამ პროვოკაციებს „ნაცები“ 21-22 მარტსვე გეგმავენ“, – წერს „ალია“. გაზეთში ასევე ნათქვამია, რომ დაგეგმილია “თავისუფალი ზონის” არასრულწლოვნების გატაცებაც და მათი უმოწყალოდ ცემა.
„21 მარტს ღამით დაგეგმილია „ნაციონალთა“ რამდენიმე აქტიური მხარდამჭერისა და ასევე მათი ერთ-ერთი პოლიტიკური სახის გატაცება, ცემა და მერე მათი დაგდება თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ნაცნობი სახე შესაძლოა, დეპუტატიც იყოს. ამას „ნაცების“ ზონდერები გააკეთებენ. საზოგადოების აღშფოთების მიზნით, ასევე, დაგეგმილია „თავისუფალი ზონის“ არასრულწლოვანი წევრების გატაცება და მათი უმოწყალოდ ცემა, უკვე გამზადებული ჰყავთ 3-4- კაციანი ჯგუფები და უკვე გაყოფილია იმ ხალხის სია, ვის გატაცებასაც აპირებენ. თუ ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო და ნეიტრალური ხალხი აქციაზე არ გამოვიდა, უარესი გეგმა აქვთ მოფიქრებული. შესაძლოა, რომელიმე დეპუტატის მცირეწლოვანი შვილი გაიტაცონ და ხელისუფლებას დააბრალონ, ამასაც „ნაცების“ ზონდერები გააკეთებენ. ცხადია, მეტად სარისკო გეგმაა, მაგრამ „ნაცები“ ერთი წამითაც არ უშვებენ იმას, რომ აქციების შემდეგ ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან. მერე კი ცხადია მოტაცებულ ბავშვსაც იპოვიან, და ამ დანაშაულს რომელიმე კრიმინალს შეტენიან, რომელიც ტელევიზიით გამოვა და იტყვის, რომ ბავშვის მოტაცების დავალება, დავუშვათ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო. როგორც წყარო ამბობს, რამდენიმე რეგიონში დაგეგმილია „ნაცმოძრაობის“ ოფისების ღამით გადაწვა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის გადაბრალება. ასევე ღამით გეგმავენ ერთ-ერთი ოფისის აფექთქებას, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ოფისში რამდენიმე ადამიანი მაინც იქნება. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარია საწადელს მიაღწიონ, საპროტესტო მუხტი გაზარდონ, ხელისუფლებას იმიჯი შეულახონ და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები“.- წერს „ალია“.