6 მარტიდან გაუჩინარებული რუსეთის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში, ყირგიზეთის ლიდერთან შეხვედრაზე გამოჩნდა. რუსული ტელეკომპანიები შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებენ. შეხვედრის ოფიციალურ დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერები პუტინის გაუჩინარებაზე ხუმრობენ. ატამბაევი პუტინთან შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ის მანქანითაც კი გაასეირნა.
რაც შეეხება პუტინის ჯანმრთელობის შესაძლო პრობლემებს, ამაზე ყირგიზეთის პრეზიდენტი ამბობს – „ვერ მოესწრებით“. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა იხუმრა – „ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენია“. პუტინმა და ატამბაევმა დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთ-ყირგიზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანაშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან ყირგიზეთის მიერთების საკითხზე. კრემლის ინფომაციით, 18 მარტს პუტინს დაგეგმილი აქვს სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო 20 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ასტანაში უნდა გაემგზავროს. იმ შემთხვევაში, თუ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, ეს შეხვედრები დაგეგემილ დღეებში შედგება.
პუტინის გაქრობასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა ვრცელდებოდა, რომელთა შორის მის ავადმყოფობას, გარდაცვალებას ან სახელმწიფო გადატრიალებას ასახელებდნენ. კრემლის პრესსამსახური ამ ინფორმაციას “ჭორებს“ უწოდებდა. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერი ჯანმრთელადაა და არაფორმალურ შეხვედრებს მართავს.