რეზო ამაშუკელი: დაიჭირეთ, დააპატიმრეთ ბოკერია და თარგამაძე!
„დაიჭირეთ, დააპატიმრეთ ბოკერია და თარგამაძე, გარეთ და შიგნით ქვეყანას რომ ურევენ“, – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
რეზო ამაშუკელის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა საჭირო ღონისძიება უნდა გაატაროს, რათა 21 მარტის აქციაზე ,,ნაციონალებმა“ დიდი არეულობა არ მოაწყონ.
,,21 მარტს არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და მე არ ვარ ისეთი ოპტიმისტი, რომელიც ამბობს, რომ არაფერიც არ მოხდება. არაფერი მოხდება, თუ ხალხი გაიაზრებს და მიხვდება, ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ასევე, არაფერი მოხდება, თუ ხელისუფლება იზრუნებს და საქართველოს იმ სამოქალაქო ომს აარიდებს, რომელიც ადამიანებში უკვე დაწყებულია. დროა, გარედან კარნახი მორჩეს და ქვეყანამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. დაიჭირეთ, დააპატიმრეთ ბოკერია და თარგამაძე, გარეთ და შიგნით ქვეყანას რომ ურევენ. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? გაიგოს ყველამ, რომ მერე ძალიან გვიან იქნება. ეს ქვეყანა დაიღუპება, თუ პრევენცია არ მოხდა და ეს ორი პირი არ დააპატიმრეს. როცა საბოლოოდ ვიღუპებით, არ არის დრო, რომ მორჩეს ეს გარედან კარნახი? ხომ წაბილწეს სულიერად მთელი ქვეყანა? და ამაზე რატომ არავინ ფიქრობს? ჩემში ძალიან ბევრი რამ დაგროვდა და მალე შეიძლება, ისეთი განცხადება გავაკეთო, საზოგადოებისთვის მთლად მოულოდნელი რომ იქნება და ერთიც მინდა ვთქვა, რომ რაც უნდა მოხდეს, არასოდეს შევეგუები, რომ ,,ნაციონალებმა“ ფეხი აიდგან და იპარპაშონ ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა რეზო ამაშუკელმა გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუს დროს.