ნანა დევდარიანი: თავად „ნაცების“ ლიდერებიც ხვდებიან, რომ მათი ბელადი არაადეკვატურია
„თვითონ „ნაცების“ ლიდერებიც ხვდებიან, რომ მათი ბელადი არაადეკვატურია“ – აცხადებს „გლობალური კვლევათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და 21 მარტის დაგეგმილ აქციაზე მოსალოდნელ „საკრალურ მსხვერპლშეწირვებზე“ საუბრობს.
ნანა დევდარიანის განცხადებით, სააკაშვილი საქართველოში 21 მარტს „უკრაინული ფრონტის“ გადმოტანას გეგმავს, თუმცა სახელმწიფო გადატრიალება და სისხლით ხელისუფლების დაბრუნება დღეს ფანტასტიკის სფეროა. მისივე ინფორმაციით, 21 მარტს მოსალოდნელია „საკრალური მსხვერპლშეწირვებიც“, რომლებიც ადრე, სხვადასხვა რევოლუციის დროს შედეგს აღწევდა, დღევანდელ საქართველოში არ იმუშავებს.
„ვთქვათ „ნაციონალებმა“ მოახერხეს და 21 მარტს, თავიანთი მხარდამჭერებიდან ვიღაცა მოკლეს და ხელისუფლებას დააბრალეს, ვინ დაიჯერებს ამას? თავად „ნაცების“ ლიდერებიც ხვდებიან, რომ მათი ბელადი არაადეკვატურია. სააკაშვილის შემხედვარე, არც გიგა ბოკერიასა და არც გივი თარგამაძეს არ აქვთ იმის გარანტია, რომ მსხვერპლშეწირვის რიტუალისთვის 21 მარტს სწორედ მათ არ შეარჩევენ“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ექსპერტის განცხადებითვე, ხელისუფლებამ აქციის დღეს ყველა მაღალი შენობის სახურავი უნდა გააკონტროლოს, რომ ნაცებმა იქ „სნაიპერი“ არ დასვან და ყველაფერი იმ სცენარით არ განვითარდეს, რომლითაც უკრაინაში „მაიდნის მოვლენები“ დაიწყო.