ერთი გამარჯვებული 6 ტენდერში – საეჭვო ტენდერები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებები შეამოწმა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა როგორც პაციენტის კვების, ისე მედიკამენტების ხარჯვის თვალსაზრისით. აღნიშნულის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს. გამოცემა „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ გამოვლენილ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, აუდიტორთა ინფორმაციით, საკვები პროდუქტების შესყიდვისას ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის კვების მენეჯერის რეკომენდაციის საფუძველზე, ყოველგვარო ბაზრის კვლევის გარეშე.
„თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა დაიწყო ელოქტრონული ტენდერების ჩატარება. მის მიერ კვებით მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა კახაბერ ბერიშვილი. მაგალითად, მხოლოდ 2012 წელს საკვები პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადდა 10 ტენდერი, მათ შორის ორი ტენდერი შეწყდა, ხოლო 8 ტენდერიდან 7 ტენდერში მონაწილეობა მიიღო ინდმეწარმე კახაბერ ბერიშვილმა და, მიუხედავად კვების სფეროში არსებული მაღალი კონკურენციისა, გამარჯვებულად გამოცხადდა 6 ტენდერში. ტენდერების პარალელურად კვების პროდუქტების შესყიდვაზე ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით 27 ხელშეკრულება გაუფორმა კახაბერ ბერიშვილს, ხელშეკრულების ღირებულებამ კი შეადგინა 312 ათასი ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ინდმეწარმე კახაბერ ბერიშვილის სახელმწიფო რეგისტრაცია განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებამდე 10 დღით ადრე, რაც ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, რომლის ფარგლებშიც კახაბერ ბერიშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისგან 2 წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი, კერძოდ, 511 ათასი ლარი აქვს მიღებული“, – წერს გამოცემა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ბიძინა მგალობლიშვილი ცენტრში დარღვევების არსებობას არ ადასტურებს და არც აუდიტის დასკვნაში გამოთქმულ დარღვევებს იზიარებს.
„კახა ბერიშვილმა მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ ტენდერში. იქ გამარჯვებულს ვავლენ არა მე, ან კონკრეტული პიროვნება, არამედ კომპიუტერი. იმ პერიოდში, როდესაც მან პირდაპირი შესყიდვით მოგვაწოდა პროდუქცია, მაშინ ტენდერის ჩატარების ვალდებულება არ გაგვაჩნდა“, – ამბობს მგალობლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები