სოსო ცისკარიშვილი 21 მარტს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ დემონსტრაციაზე არეულობას არ გამორიცხავს
ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, სოსო ცისკარიშვილმა “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 21 მარტს დაგეგმილი აქციისგან დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს, რადგან დემონსტრაცია წარუმატებელი და უშედეგო იქნება.
,,ჩვენში დღესაც აქტუალურია პოლიტიკური სივრციდან ,,ნაციონალური მოძრაობის” გაქრობის მოთხოვნა. ვფიქრობ, 21 მარტი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი იმის საჩვენებლად, რომ მზადება ასეთი აქციისთვის არის ომახიანი, ორგანიზატორთა ოპტიმიზმი კი – უკიდეგანო, მაგრამ შედეგები, მათთვის ნამდვილად ვერ იქნება სახალისო და წარმატებული. მინდა, წინასწარვე დავარწმუნო ისინი, რომ არანაირი ძვრა ჩვენს მთავრობაში არ იქნება და არც უნდა იყოს“,-აცხადებს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგმა ისიც განაცხადა, რომ დესტაბილიზაციისა და არეულობის მიზნით, ” ნაციონალურმა მოძრაობამ” აქციაზე შესაძლოა, პროვოკაციაც მოაწყოს. ,,არეულობის სურვილი რომ აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ეჭვი არ მეპარება. ეს არის მხოლოდ ოცნება და თუ ამისთვის გამოიყენებენ რაიმე ინსტრუმენტებს, რაც აქამდე არ გამოუყენებიათ, ამას მალე ვნახავთ. სამართალდამცავები უნდა იყვნენ მობილიზებულები იმისთვის, რომ არ დაუშვან რაიმე ექსცესები. არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს ძალა, რომელიც ამ აქციას დაუპირისპირდება, თუმცა, მას არ ექნება არანაირი გამართლება იმით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავე პოლიტიკური ძალაა”,- აცხადებს ცისკარიძე. პოლიტოლოგი თვლის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერ აქციაზე ადამიანების ის კატეგორია წავა, რომლებიც მათი პოლიტიკისა და ქმედებების შესახებ ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულები. ,,დღეს ხელისუფლებასა და მთავრობას აქვს შეცდომები, მაგრამ დანაშაულის ჩადენაში ეს ხელისუფლება შემჩნეული არ არის.
მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი და ინფორმაციას მოკლებული ადამიანი გავა ,,ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ აქციაზე, რადგან მისთვის მკაფიოდ არავის აუხსნია, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ფაქტია, ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანმიმართულმა აჟიოტაჟმა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დაგეგმილმა შავმა პიარმა უკეთესად იმუშავა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რეალური ვითარების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებამდე მიტანა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” კი მთავრობის დისკრედიტაციისკენ მიმართული მკაფიო და ნიჭიერად დაგეგმილი კამპანია აწარმოა“,- აღნიშნავს ცისკარიშვილი.