თამარ ბერუჩაშვილი მეთიუ მიურეისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა აშშ-ის ვაჭრობის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ მიურეისთან გამართა. მეთიუ მიურეი საქართველოში ჩამოვიდა 11-13 მარტს აშშ-ის სავაჭრო მისიის ფარგლებში, რომელშიც 9 ამერიკული კომპანია მონაწილეობს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდისა და განვითარების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ამასთან, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა რეგიონში საქართველოს ეკონომიკური როლის ზრდის, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიური თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარების საკითხებზე.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ბიზნესწრეების გააქტიურებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. აშშ-ის სავაჭრო მისია არის ეფექტური საშუალება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და კონკრეტული ბიზნესკავშირების დამყარების კუთხით. ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები