გიორგი კვირიკაშვილი: მედიაში საქართველო დღეს წარმოჩენილია იმ კუთხით, რომელიც აცდენილია რეალობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ მასმედიის საშუალებებში საქართველო დღეს წარმოჩენილია იმ კუთხით, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება და აცდენილია რეალობას.
„ეკონომიკა და, მით უმეტეს, სავალუტო რყევები ძალიან მგრძნობიარე საკითხია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლიტიკური რყევები, მით უფრო წაადგება ამ პროცესის სტაბილიზაციას. მინდა ვთქვა, რომ რაღაცნაირად, ეს ჩვენს ოპონენტებს ეხებათ და ეს ჩემი ძალიან დიდი ხნის დაკვირვების შედეგიც არის, რომ ქვეყანა დღეს მასმედიის საშუალებებში წარმოჩენილია იმ კუთხით, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება და მნიშვნელოვნად აცდენილია რეალობას.
არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ დავმალოთ სიმართლე. ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი გამოსვლით ვადასტურებ, რომ მე ამას არ ვაკეთებ. მე მგონია, ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ქვეყანა მაქსიმალურად დადებითად წარმოვაჩინოთ, ელემენტარულად, ცოტა მეტი ნუგეში მოვგვაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და რეალისტურად მაინც შევხედოთ დღეს არსებულ სურათს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.