დიმიტრი ქუმსიშვილი: საკუთარ გამოცდილებას თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებ

თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მას კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მუშაობისას დაუგროვდა, თბილისის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გამოიყენებს.
“მინდა დავარწმუნო ქალაქ თბილისის მოსახლეობა, რომ იმ გამოცდილებას, რომელიც დამიგროვდა როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისას, ნამდვილად მოვახმარ ჩვენი დედაქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერის პოსტზე წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ ქუმსიშვილი თბილისის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
“ბატონი ქუმსიშვილი დღემდე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. ის ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ბატონი დიმიტრი არის პროფესიონალი ეკონომისტი, რომელსაც აქვს როგორც საჯარო უწყებების, ისე კერძო კომპანიებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, ბატონი დიმიტრი მთელ თავის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს დედაქალაქის განვითარებას მოახმარს”,- განაცხადა ნარმანიამ დიმიტრი ქუმსიშვილის წარდგენისას.
დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი მოადგილე 2012 წლიდან იყო. ქუმსიშვილმა ვიცე-მერის პოსტზე ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა, რომელიც, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს” უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები