„ჩვენ შეგვიძლია, თვალი გავუსწოროთ მსოფლიოს პროცესებს – წარსულით, აწმყოთი და მომავლით…“

„ბავშვობიდან ისტორიით ვიყავი გატაცებული, რომელიც შემდეგ მიზანში გადაიზარდა. 1974 წელს, როდესაც მე უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი, თბილისის უნივერსიტეტში შემოიტანეს წესი, რომ ისტორიის ფაკულტეტზე იმ აბიტურიენტის საბუთებს მიიღებდნენ, ვისაც რეკომენდაციას კომკავშირის რაიკომი მისცემდა. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე. ბუნებრივია, მე იმის იმედი არ მქონდა, რომ რეკომენდაციას მივიღებდი და პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე“. – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე.

– პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყება…11004833_823419844373736_2114591530_n
– თავიდან თეთრიწყაროს რაიონის ერთ-ერთ პატარა სოფლის სკოლაში გამანაწილეს, მაგრამ იმდენად მცირერიცხოვანი კონტინგენტი იყო, რომ კვირაში მხოლოდ ორი დღე მიწევდა ჩასვლა. მაშინ რეკომენდაცია ლევან ჩიქვანაიამ გამიწია და პარალელურად მუშაობა დავიწყე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. ამ სკოლაში ათი წლის განმავლობაში ვიმუშავე. მთელი პოლიტიკური ელიტა, ძალიან ბევრი მათგანი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია,  ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან.
პარალელურად გადავწყვიტე ასპირანტურა დამემთავრებინა და მეცნიერებათა აკადემიაში, ჯავახიშვილის სახელობის  ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემი საგანი და დისერტაცია იყო „თერგდალეული გიორგი წერეთელი და საქართველოს ისტორიის საკითხები“, რომელიც 1988 წელს დასრულდა. ამ დროს უკვე დაიწყო დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და გარკვეულწილად ყველანი ჩართულნი ვიყავით.
– სასულიერო აკადემია…
– თბილისის სასულიერო აკადემია 1988 წელს გაიხსნა, სადაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ საქართველოს ისტორიის ლექტორად მიმიწვია. ამ ფაქტით ძალიან შევწუხდი და ვუთხარი, რომ გამოცდილება არ მქონდა. მან კი მიპასუხა: გამოცდილება უნდა შეიძინო…
საერთოდ, მე ეკლესიასთან 1976 წლიდან ვარ დაკავშირებული. როდესაც 1977 წელს  პატრიარქი დავით მეხუთე გარდაიცვალა, ყველა პანაშვიდს დავესწარი და შემდეგ უკვე, როდესაც 25 დეკემბერს ახალი პატრიარქის არჩევა მოხდა, სვეტიცხოველში პატრიარქის აღსაყდრების საგანგებო წირვა ჩატარდა, მეც ვმონაწილეობდი. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და ეს ადვილი საქმე არ იყო.
– მონოგრაფიები…11039556_823419837707070_1266818462_n
– პირველი პატარა წიგნი ეკლესიის ისტორიიდან უწმინდესსა და უნეტარეს კირიონ მეორეს მივუძღვენი, რომელიც 1993 წელს დაიბეჭდა. ამის შემდეგ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავე მუშაობა, ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში“. დისერტაცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2002 წელს დავიცავი და 2004 წელს უკვე სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით პროფესორის წოდება მომენიჭა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაშრომი მაქვს და მეოცე საუკუნის ყველა პატრიარქს მონოგრაფია მივუძღვენი.
– პატრიარქი ილია მეორე…
– მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი, როგორც პიროვნების და ისტორიკოსის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისმა უნეტარესობამ და უწმინდესობამ ჩემი საქმიანობა, ეკლესიის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით იმით შეაფასა, რომ 2013 წლის 6 იანვარს  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დამაჯილდოვა. გარდა ამისა, 2013 წლის იანვარში, როდესაც პირველი სადისერტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, პატრიარქის თავმჯდომარეობით, სადაც მსოფლიოს სხვადსხვა მართლმადიდებელი ეკლესიიდან თეოლოგიის დოქტორები  იყვნენ მოწვეულნი, მე მომენიჭა თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
– წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი…11040705_823419841040403_1327484704_n
– უნივერსიტეტის იდეა პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში განათლების სისტემაში ბევრი გაუმართლებელი რეფორმა განხორციელდა, რის გამოც, მეცნიერება დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, იმ ცოდნისა და რწმენის სანთლის ჩაქრობის საშიშროება დადგა, რომელიც კირიონ მეორემ და ივანე ჯავახიშვილმა თბილისის უნივერსიტეტში დაანთეს 1918 წლის 26 იანვარს. ამიტომ პატრიარქმა გადაწყვიტა, ეს უნივერსიტეტი დაფუძნებულიყო, რომელიც ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს დაიცავდა და ქუჩაში უსამართლოდ დატოვებულ მეცნიერებს, საყვარელი საქმიანობისკენ მოაბრუნებდა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა პატრიარქს, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს  ასეთი უნივერსიტეტი აჩუქა.
– პროექტი „განათლება გამოგარჩევს“…
– ეს პროექტი მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის არ არის. მან სრულიად საქართველო, მედია და უმაღლესი სკოლა, საერთოდ, ზოგადად, განათლება უნდა მოიცვას. მედიის დანიშნულება უნდა იყოს ის პროცესები და პრიორიტეტები, რაც უნდა ჰქონდეს უმაღლეს სკოლას, რომ ის ემსახუროს თავის ქვეყანას, იყოს ეროვნულ ღირებულებათა მატარებელი. სამწუხაროდ, დღეს მედია მხოლოდ სენსაციებზეა აგებული, რომლითაც ქვეყანა არ აშენდება. ქვეყანა აშენდება სწორი ორიენტირების განსაზღვრით და მისი პროპაგანდით. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტში ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ადამიანი ჩაერთვება, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის წარმატებული ფუნქციონირება.
– თქვენი მოსწავლეები…
– ძალიან დიდი სიამაყის განცდა მაქვს, როდესაც ვგებულობ, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლე მინისტრია, ქალაქის მერი და ა.შ. მაგრამ უფრო მეტად გამიხარდება, თუ ისინი ქვეყანას გამოადგებიან.
ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ 15- მდე მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი ჩემი ყოფილი სტუდენტები არიან.
– რას ეტყვით ახალგაზრდებს?11042285_823419831040404_781160114_n
– 36 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება მაქვს. როგორც არ უნდა განვითარდეს მეცნიერება, რა ტექნოლოგიური სიახლეებიც არ უნდა შემოვიდეს, არ არსებობს აბები, რომელსაც გადაყლაპავ, წაკითხვა არ დაგჭირდება და გეცოდინება ივანე ჯავახიშვილის ერთი ტომი, ან გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კრებული. წიგნი არის არსებითი და მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი შრომა და წიგნებზე მუშაობა აუცილებელია. ვერავითარი კომპიუტერული ინფორმაცია ვერ შეცვლის იმას, რაც შეიძლება წიგნმა მოგცეს. წიგნი უნდა შეიყვარონ.
გარდა ამისა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი უწიგნური და გაუნათლებელი ადამიანი გამოდის და მოძღვრავს საზოგადოებას. ეს უნდა დასრულდეს და მერე  ახალგაზრდის მოტივირება უფრო დიდი იქნება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები