“რიგგარეშე სხდომის დანიშვნით, პრეზიდენტმა ნებით თუ უნებლიეთ, “ნაცმოძრაობის” ინტერესებს გაუწია ანგარიში“
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნით პრეზიდენტმა, ნებით თუ უნებლიეთ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს გაუწია ანგარიში.
ფოფხაძე 13 მარტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
“ვფიქრობ, ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში დანიშნული რიგგარეშე სხდომა და დებატები ემსახურება არა პრობლემის გადაჭრის მიზანს, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტისთვის დანიშნული აქციის წინ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას”, – განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
“საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.