„ყველა თეატრისთვის პირობები უნდა შეიქმნას, რადგან ზოგიერთ თეატრს არსებობაც კი უჭირს…“

„კვლევა „ქართული თეატრი 2014“, ეს არის სრული ინფორმაცია თეატრების ცხოვრების, სარეპერტუარო პოლიტიკის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან, შეიძლება, ერთი შეხედვით, ციფრებია, მაგრამ როდესაც შეიკრა, მან ერთგვარი ანალიზის სახე მიიღო, თუ რა მდგომარეობაშია და რას წარმოადგენს ქართული თეატრი დღეს.“ – ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.

-კვლევა…11026414_821915044524216_407175443_n
-თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა, წელს უკვე მეოთხედ მოგვაწოდა სტატისტიკური კვლევის შედეგი. კვლევის სამიზნე საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო, როგორც თბილისის, ისე რეგიონების, სხვადასხვა ხარისხით და ბიუჯეტით მოქმედი თეატრები იყო. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ სერიოზული და მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც, პირველ რიგში, თეატრების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე იყო დამყარებული. რა თქმა უნდა, კვლევას არ შეუფასებია შემოქმედებითი ხარისხი. ეს არის ერთგვარი სტატისტიკა, რის შემდეგაც რეიტინგებად დალაგდა. თუმცა თეატრების ორივე ჯგუფს, მათ, ვინც ვერ მოხვდა რეიტინგში და მათაც, ვინც ვერ მოხვდა, მოუწევთ დაფიქრდნენ – რატომ ვერ მოხვდნენ, „რა დააშავეს“, რა შესაძლებლობები აქვთ, რომ მომავალში ხარვეზები გამოასწორონ, ხოლო მათ, ვისაც წარმატება გაეხარდა – რის საფუძველზე მიაღწიეს ამ წარმატებას და აპირებენ თუ არა, კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რადგან 2014 წლით არც იწყება და არც მთავრდება ცხოვრება.
– თეატრები, რომლებიც რეიტინგში ვერ მოხვდნენ…11040082_821915027857551_295298620_n
– ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის პირობები, რა მდგომარეობაშიც ამ თეატრებს არსებობა უწევთ. მაგალითად, ზუგდიდის თეატრის მდგომარეობას, ყველაზე დაუძინებელ მტერსაც კი არ ვუსურვებ, ისეთ მდგომარეობაშია შენობა. არადა, ეს არის ტრადიცული და ისტორიული თეატრი, რომელსაც ძალიან კარგი დასი ჰყავს და შემოქმედებითი ძალები ამ თეატრში ნამდვილად არსებობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ დარბაზი, საგრიმიორო, ფაქტობრივად, ყველაფერი განადგურებულია, ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში მუშაობას მაინც აგრძელებენ. მე ვნახე მათი რამდენიმე სპექტაკლი და მათ შორის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის „მარად და ყველგან“, სადაც ძალიან კარგად ჩანს რეჟისორის და მსახიობების შესაძლებლობები. მაგრამ იმ მდგომარეობაში თეატრი  ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პროდუქტიული, თუნდაც „კავკასიური ცარცის წრის“ დონის სპექტაკლი დადგას.
საშინელ მდგომარეობაშია ქუთაისის თოჯინების თეატრი, ბორჯომის თოჯინების თეატრი, ოზურგეთის თეატრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თეატრებს ვერ მოვთხოვთ, ისეთი დატვირთვით იმუშაონ, როგორც მარჯანიშვილის თეატრი, რომელიც, მართლაც, ინტენსიურად მუშაობს და ხშირად აქვთ პრემიერები.
რამდენადაც ვიცი, ზუგდიდის თეატრის შენობის რეაბილიტაცია იგეგმება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად და არაერთხელ გავიგებთ თეატრის სახელს, როგორც ეს ფოთის თეატრის შემთხვევაში მოხდა. როგორც კი ფოთის თეატრმა ახალი შენობა გახსნა, სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო და უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.
– ნაკლებ ბიუჯეტიანი თეატრები…
– რაღაც თვალსაზრისით, ეს გასაგებია, როდესაც პატარა თეატრია, მსახიობების რაოდენობა შეზღუდულია, ცხადია, მას ვერ ექნება იმხელა ბიუჯეტი, რაც დიდ თეატრებს. მაგრამ, თუნდაც 10- 12 კაციანი შემადგენლობის თეატრის მსახიობს, რომელიც არანაკლებ ენერგიას ხარჯავს, არანაკლებ ნიჭიერია სხვაზე, მას მაინც უნდა ჰქონდეს დაფინანსება. შეიძლება თეატრის ბიუჯეტი  მარჯანიშვილისა თუ რუსთაველის თეატრების ბიუჯეტის რაოდენობას არ უტოლდებოდეს, მაგრამ მსახიობის ხელფასი, თუ ანალოგი არა, მკვეთრად განსხვავებული მაინც არ უნდა იყოს. მაგალითად, ქუთაისის თეატრი არის ერთ-ერთი უძველესი და უძლიერესი, მაგრამ მისი ბიუჯეტი და მსახიობის ხელფასიც სხვა დიდი თეატრების შემოსავლებს ძალიან ჩამორჩება. არადა, შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისის თეატრი არც სხვა თეატრებზე ნაკლებად მუშაობს და არც სხვებზე ნაკლები მსახიობები ჰყავს. ამ კვლევაშიც, თითქმის ყველა ნომინაციაში, გავიდა ქუთაისის თეატრის სპექტაკლი „მაკბეტი“.
ჩემი აზრით, ყველა თეატრი ერთნაირ მდგომარეობაში უნდა იყოს.11040700_821915014524219_1144872951_n
აქ კიდევ ერთი ნიუანისა, ალბათ, რომელიც განსხვავებას განაპირობებს. თბილისის თეატრების დიდ ნაწილს კულტურის სამინისტრო აფინანსებს, რამდენიმე თეატრს – თბილისის მერია, ხოლო რეგიონის თეატრები ადგილობრივ ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ დამატებითი თანხები გაიცეს და თეატრებმა სული მოითქვან, შეძლონ  ჩანაფიქრების ბოლომდე რეალიზება. მაგრამ თუ თეატრებს ჩანაფიქრიც არ აქვთ და წუწუნს დაიწყებენ, რომ ფული არ გვაქვს და სპექტაკლს ვერ ვაკეთებთო, შეგვიძლია ცნობილი ნათქვამი გავიხსენოთ: „მე შემიძლია გავშალო ერთი ფარდაგი, სპექტაკლი დავდგა და ვითამაშო კიდეც…“ თუმცა ამ ეტაპზე, ყველა თეატრისთვის პიროებები უნდა შეიქმნას, რადგან ზოგიერთ თეატრს არსებობაც კი უჭირს.
აღვნიშნავ იმ პროექტსაც, რომელსაც თავის დროზე კულტურის სამინისტრო ახორციელებდა, ახლა კი თბილისის მერია აგრძელებს. ნებისმიერ თეატრს შეეძლო შეეტანა პროექტი კონკრეტულ სპექტაკლზე და კულტურის სამინისტრო აფინანსებდა. ამ ფორმით არაერთი სპექტაკლი დაფინანსდა. რომ არა თბილისის მერია, ძალიან ბევრი სპექტაკლი ვერ დაიდგმებოდა.
– თეატრების მიერ გამოგზავნილი მონაცემები…11042013_821915021190885_784983550_n
– ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვენდოთ თეატრების მიერ გადმოგზავნილ მონაცემებს. შეიძლება ერთ-ორ თეატრს ჰქონდა ცოტა გადაჭარბებული, ან დაუფიქრებელი, ან საქმის არ ცოდნიდან გამომდინარე, რომ სათანადო შედეგები ვერ მიაწოდეს, მაგრამ, რაც ჩვენ პრეზენტაციაზე ვნახეთ,უფრო კომპიუტერული და მექანიკური შეცდომები იყო, რომლებიც იქვე გასწორდა. უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი გამოკითხვა მიახლოებითია. სიცრუე კი, თეატრის სინდისზეა და მაინც გამოჩნდება. მსგავსი კვლევა ისევ და ისევ თეატრებისთვის არის საინტერესო და გავიგოთ, რა ადგილი გვიკავია ამ სივრცეში. თუ „სათანადო მოწოდების სიმაღლეზე“ არ ხარ, იბრძოლე იმისთვის, რომ იყო არა აკრძალული ილეთებით, არამედ იმ მეთოდებით, როგორც საჭიროა. თუმცა, რაც თეატრის კედლებში ხდება, ყველა თეატრს დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს, შესაბამისი შიდა სამსახურების მიერ და ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
– წელს პირველად გამოქვეყნდა საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების რეიტინგები…
– რამდენიმე წლის წინ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტმა ირინა ღოღობერიძემ კრიტიკის პრიზი დააწესა და კრიტიკოსებმა გამარჯვებულები გამოავლინეს. შარშან გამოკითხვაში მაყურებელი მონაწილეობდა. წელს გვინდოდა აღგვედგინა კრიტიკის პრიზი და დაგვეჯილდოებინა შემოქმედებითი ჯგუფები თუ ინდივიდები, მაგრამ რადგან არ იყო თანხები, თეატრთმცოდნემ და კვლევის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ირინა ღოღობერიძემ, გადაწყვიტეს, კვლევასთან ერთად, საუკეთესო ხუთეულების რეიტინგიც გამოგვექვეყნებინა და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებმაც 2014 წელს წარმატებას მიაღწიეს. კომისია შვიდი წევრით დაკომპლექტდა და მე ვიყავი ერთ-ერთი წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ეს სტიმულია მათთვის, ვინც საუკეთესოებში მოხვდა და მათთვისაც, ვინც ვერ გავიდა. ეს იყო შიდა კონკურსი, როდესაც შვიდმა ადამიანმა, თითოეულმა ჩვენგანმა საუკეთესო ათეულებიც კი დავასახელეთ. რთული იყო, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც, როცა აღმოაჩენ რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ბევრი კარგი რამ მოხდა, რამდენი კარგი მსახიობი ქალია, მსახიობი მამაკაცია, რამდენი კარგი როლი შეიქმნა, ასე თუ ისე კარგი სპექტაკლი დაიდგა. ერთი მხრივ, ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღებაც ადვილი იყო, რადგან არჩევანის გაკეთება ხუთ ადამიანზე გვიწევდა და არა ერთზე. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ არ ვყოფილიყავით მიკერძოებულები, თვალდაბნელებულები ვიღაცის თუნდაც წარსული დიდებით და გულწრფელად გვეთქვა, რასაცა ვფიქრობდით.11042135_821915017857552_1046251915_n
რადგან უკვე დაიწყო უკმაყოფილება თეატრთმცოდნეებში, მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს  ჩვენი კეთილი ნება იყო და ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ამ თემით, ვისაც სურს, შეუძლია შემოიკრიბოს თანამოაზრეები, შექმნას კომისია და დაასახელოს თავისი რჩეულები. ეს ქვეყანა აბსოლუტურად თავისუფალია. არსებობს შესანიშნავი თეატრალური პრემია „დურუჯი“ (არ ვიცი, იქნება კიდევ, თუ არა, მაგრამ), მეორე ლაშა პაპაშვილი რომ გამოჩენილიყო და პარალელურად კიდევ დაეარსებინა სხვა პრემია, ვინ წააგებდა? არავინ, პირიქით – უკეთესი იქნებოდა. ქართული თეატრის მოღვაწეებს უფრო მეტი სტიმული მიეცემოდათ.

მზევინარ ხუციშვილი

11042196_821915031190884_2072519849_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები