ელისო რურუა – წინასწარ არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ, რაღაც უცებ მოდის და ვიწყებ მუშაობას
მისი კალამი ნემსია, მუზებთან ერთად მოგზაურობს თეთრ სივრცეში და რძისფერ სამყაროში ფერად–ფერად ნაკვალევს ტოვებს. ნელ–ნელა სხვადასხვა ფორმებად გადაქცეული ათასგვარი ფერები ზღაპრის ბოლოსავით ლამაზად სრულდება და უსიტყვო მწერლობით მოყოლილი ამბავიც სწორედ აქედან იწყება.
– ელისო, როგორ გაჩნდა ქარგვის სურვილი?
– ადამიანს, რომელსაც ყოველწამიერი კავშირი აქვს ბუნებასთან, უფრო მეტად შეუძლია შეიგრძნოს ყველა წვრილმანი, რომელიც მიწას და ცას უკავშირდება.
მე სოფელში დავიბადე, რამაც მომცა საშუალება, რომ ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მდინარეზე, დიდხანს ვაკვირდებოდი ნაპირზე გამორიყულ ხის ტოტებს, ხის ფესვებს, და თუ რომელიმე მომეწონებოდა, სახლში მომქონდა, გულდასმით ვასუფთავებდი, მერე ლაქს წავუსვამდი. ასე ვაგროვებდი სხვადასხვა ფორმის ხის ფესვებისგან შექმნილ უცნაურ „ქანდაკებებს“. ძალიან მიყვარდა მათი ყურება. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, პირველად სწორედ პეიზაჟის მოქარგვა რომ გადავწყვიტე. სახლში რაღაც ფერადი ძაფები მოვიძიე. ზოგი საკერავი,ზოგი საქსოვი და რაღაც მოვჩხლართე. მიუხედავად ყველაფრისა, გამომივიდა. უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. მეტის შესწავლის სტიმული მომეცა. რადგან მასწავლებელი არავინ მყავდა, მუშაობისას ნელ–ნელა, თავად ვხვდებოდი, რა როგორ უნდა მეკეთებინა. მოგვიანებით გავიგე სპეციალური ძაფების შესახებ, შევიძინე. ასე თანდათან ვიხვეწებოდი.
– როგორია თქვენი სამუშაო გარემო.
– მუზა ჩემგან დამოუკიდებლად მოდის – უცებ გიჟივით ვიღებ ხელში ნემსს, ძაფს და ვიწყებ ქარგვას. ირგვლივ აღარაფერი არ მაინტერესებს. ერთხელ ხუთი დღე გადაბმულად ვქარგავდი. საწოლთან მედო საქარგები, დილით გავიღვიძებდი თუ არა, ეგრევე ვიწყებდი ქარგვას. იმ ხუთი დღის განმავლობაში დღის სინათლე არ მინახავს. მეექვსე დღეს აივანზე რომ გავედი, მზის შუქმა თვალი მომჭრა და დიდხანს ვერ გავახილე. ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობს, მთავარია ნემსის ხელში აღება მომინდეს, რაც არც ის ხშირად ხდება. საოცარი განცდაა, როდესაც ნამუშევარს უკვე დაამთავრებ და კედელზე მიუჩენ ადგილს.
– გაგიყიდიათ, გაგიჩუქებიათ ნამუშევარი?
– ძალიან მიყვარს ჩემი ნამუშევრები, არაფრით არ შემიძლია მათი გაჩუქება, არც შეკვეთით შემიძლია რამის მოქარგვა. სხვადასხვა თემაზე შესრულებული ჩემი ნაქარგებიდან ძალიან მიყვარს მაცხოვარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. როდესაც ეს ნაქარგი ვაჩვენე ჩემს მოძღვარს, აღფრთოვანებულმა მთხოვა, მომექარგა გარდამოხსნაც. თუმცა აქამდე ვერ შევძელი დაწყება. რაღაც განსაკუთრებული ემოცია მჭირდება ამისთვის. თუ მუზა მოვიდა, ჩემთვის სირთულე არ არსებობს.
– როგორ მუშაობთ რელიგიურ თემებზე?
– რელიგიურ თემაზე მუშაობისას, ჯერ აუცილებელია კურთხევა და ასევე აუცილებელია კანონიკის დაცვა, ანუ ნაქარგი ორიგინალის ზუსტი ასლი უნდა იყოს. არვითარ შემთხვევაში არ შეიძლება არაფრის შეცვლა.ძალიან ფაქიზი თემაა, ფრთხილად მიდგომაა საჭირო. ბევრი რამის დაცვა გიწევს. თუ აკეთებ, კარგი უნდა იყოს, ღირებული. ამიტომაც არის, რომ რელიგიურ თემაზე სულ ორი ნამუშევარი მაქვს – მაცხოვარი და წმინდა გიორგი.
– როგორ ჩნდებიან ის გმირები, რომლებსაც გამოსახავთ?
– წინასწარ არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ, რაღაც უცებ მოდის და ვიწყებ მუშაობას.
– ვინმეს თუ ასწავლით. თქვენს ქალიშვილს თუ აქვს ქარგვის ნიჭი, ინტერესი?
– ვინმე თუ ინტერესს იჩენს, ვცდილობ დავეხმარო: რჩევები მივცე. ჩემს ქალიშვილს რაც შეეხება, ნიჭი აშკარად აქვს, თუმცაღა ამ ეტაპზე ძალიან დაკავებულია. ძირითად დროს სწავლას ანდომებს. პარალელურად მოდელის პროფესიას ეუფლება.
– მომავლის გეგმები…
– ძალიან მინდა გამოფენის მოწყობა. ამისთვის ნელ–ნელა ვემზადები. ადრე ბევრი ნამუშევარი არ მქონდა, ახლანდელი ჩემი კოლექციით კი შეიძლება უკვე გამოფენაზე ვიფიქრო. ეტყობა, აქაც მუზამ იმარჯვა. უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. საქმეს, რომელიც სულის წამალია ჩემთვისაც და მნახველისთვისაც.
ირმა მირზაშვილი