„ამ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და რაც უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს მათზე, უკეთესი იქნება…“

ქირურგიის ნომერ პირველი მიმართულების კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, 60-ზე მეტი შრომის და ორი მონოგრაფიის ავტორი, საქართველო-ისრაელის ერთობრივი კლინიკის ხელმძღვანელი, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღის ცენტრის „აისის“ დამფუძნებელი – გივი ჩიქობავა.

– როდის და რატომ ავირჩიე პროფესია ვერ გეტყვით. უბრალოდ ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი და თან ქირურგი უნდა ვყოფილიყავი. ოჯახში ექიმი არავინ არ ყოფილა. მეხუთე კლასში ვიყავი, ჩემმა დამ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში, თუმცა მისაბაძი მაგალითი ესეც არ იყო. ახლაც რომ მკითხოთ, რა თქმა უნდა, ისევ ექიმობას ავირჩევდი. მიუხედავად ექიმის პრაქტიკაში ძალიან დიდი სირთულეების, განცდების, ხშირად დაუმსახურებელი წყენის და უმადურობისა. ვფიქრობ, ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელიც სულსაც უხარია და ხორცსაც. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მე დღეს ექიმი ვარ.
– როგორ ჩამოყალიბდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის დღის ცენტრი?961148_820373254678395_1653603283_n
– მე თვითონ ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი. 2000 წელს გერმანიაში ნევროლოგ პიტერ ვოლფს ვიზიტის დროს, ვკითხე, რისი იმედი შეიძლებოდა მქონოდა. მან კი ჩრდილო გერმანიის ქალაქ ბილეფილდში წამიყვანა, სადაც ჯერ კიდევ, 1903 წელს კათოლიკე მღვდლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დაარსებული პირველი თავშეფარი მაჩვენა, რომელიც 250 ბავშვზეა გათვლილი. რომ დავბრუნდი, მეც გადავწყვიტე, რომ ასეთი ცენტრი გამეხსნა. ჩემი მეგობრების, ახლობლების, ნინო ქადაგიძის ძალიან დიდი დახმარებით 2004 წელს, ავჭალაში გავხსენით ეს ცენტრი, სადაც 1500 კვადრატული მეტრი გვაქვს ამ ბავშვებისთვის – სპორტული მოედნით, დარბაზებით, ტერიტორიით, სადაც მიწასთან დაკავშირებულ შრომით საქმიანობებს ახორციელებენ, რომელიც ასევე თერაპიას წარმოადგენს ამ ბავშვებისთვის.
– რამდენი ბავშვი გყავთ ამჟამად?11026418_820373261345061_2118553823_n
– ამჟამად, ცენტრს 21 თანამშრომელი  და 57 ბავშვი ყავს. თუმცა შეგვიძლია 100-მდე ბავშვი მივიღოთ. პირველ ორ წელს დაფინანსებაც ნორმალური გვქონდა. ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ახლა, ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ზოგჯერ ერთადერთი მომვლელი და პატრონი ვარ ამ ცენტრის და მისი პრობლემების. თუმცა რომ არა ჩემი მეგობრები, მე ამას ვერ შევძლებდი. ძირითადი ინვესტიციები, რომლებიც ამ ცენტრის განვითარებას დასჭირდა და დღესაც სჭირდება, რომ ნორმალურად შეასრულოს ის ამოცანები, რაც მის წინაშე დგას, ჩემი კოლეგების და მეგობრების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ამ ცენტრის ნორმალურად არსებობა იმ მინიმუმით, რომელსაც სახელმწიფო გვაწვდის.
თუმცა უნდა ვთქვა, რომ თუ ადრე, ხელისუფლებასთან შეუვალი კედელივით იყო ამ თემაზე ლაპარაკი, ბოლო პერიოდში, განსაკუთრები 2 წელია, რაც ეს კედელი გაირღვა. ამ საკითხებზე უკვე აქტიურად ვლაპარაკობთ და კეთილგანწყობაც დავინახე მათი მხრიდან. მე არ მახსოვს, რომ წინა წლებში გამგებელს ასე ხშირად ევლოს ცენტრში და ბავშვებს ასე შეყვარებოდეთ ის.
– 2014 წელი სახელმწიფომ შშმ პირების ინტეგრაციის წლად გამოაცხადა…11040745_820373268011727_265346420_n
– დიახ, რაც ცოტა უცნაურია. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში, როცა არ არსებობს დასაქმების სისტემა? ეს ბავშვები ინსტიტუტებში და კოლეჯებში ვერ მიდიან, დასაქმება არ არის, ანუ განწირულები არიან, რომ ინტეგრაცია ქუჩაში გაიარონ ან სახლში ჩაკეტო. რა თქმა უნდა, ორივე არის საშინელება. ისინი საზოგადოებას ან ეცოდება, ან ეშინიათ. მათ კი არცერთი არ სჭირდებათ. ამ ბავშვების არასწორი ცოდნა საზოგადოების მხრიდან, მოზარდებში ხშირად იწვევს აგრესიას, დაცინვას. ამიტომ ქუჩა გამორიცხულია და ერთადერთი საშუალება მათი უსაფრთხო და დაცულ გარემოში დასაქმებაა.
სამწუხაროდ, ერთი პრობლემაა შშმ პირების ინტეგრაცია საზოგადოებასთან და მეორე პრობლემაა საზოგადოების ინტეგრაცია მათთან. ეს სტიგმა უნდა დაირღვეს. თუ საზოგადოება არ გახდა მიმღებელი, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ ჩატარდა ის სერიოზული მუშაობა, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მარტო დღის ცენტრების და თითოეული ადამიანის იმედზე, მიმღებელი გახდება საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი, რომლებთანაც ჩვენ მიგვყავს ეს ადამიანები, ჩვენი აქტივობებით. საზოგადოებაში ინტეგრაცია უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებით ყალიბდება.
– ინკლუზიური განათლება…11047211_820373264678394_1188536829_n
– ამის  შესახებ  1960 წელს დაიწყეს ლაპარაკი ნიუ-იორკში, სადაც შშმ პირების მშობლების შეხვედრა გაიმართა. სწორედ, ამ შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა მშობელმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის შვილს ჩვეულებრივ სკოლაში უნდა ესწავლა. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ უთხრეს და აქედან შეიქმნა ინკლუზიური სკოლები, რომელსაც ბევრი მომხრეც ყავს და ბევრი მოწინააღმდეგეც.
ინკლუზიური განათლების შესახებ საუბარი საქართველოში 2008- 2009 წლებში დაიწყო. ჩვენი გამოცდილებით, ვფიქრობთ, რომ შშმ ბავშვები, სამწუხაროდ, იმ დატვირთვას ვერ უძლებენ, რაც ჩვეულებრივ სკოლებშია. განსხვავებულია მათი სწავლის პროგრამაც და მეთოდიკაც. არის ქვეყნები, სადაც ინკლუზიური და ჩვეულებრივი სკოლა ერთად შენდება. თუ ამას სახელმწიფო ისე გაიაზრებს, როგორც წარმატებულ ქვეყნებშია განვითარებული, შეიძლება რომ მოისინჯოს.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩვენთან შეზღუდული შესაძლებლობის პირებად მხოლოდ არამენტალობის დაზიანების მქონე პირები მიაჩნიათ. ანუ, ვისაც ფიზიკური პრობლემები აქვს და ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, ვერ მოძრაობს და ა.შ.
– როგორც წესი, დღის ცენტრებში ბავშვები 18 წლამდე დადიან…11047221_820373251345062_1746528536_n
– დიახ, წესით ასეა, 18 წლის შემდეგ სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და მას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცენტრს დაარსებიდან სამი წლის შემდეგ, დაფინანსება შეუწყვიტა სახელმწიფომ, მაინც ვერ ვუშვებთ ამ ბავშვებს, იმიტომ რომ არ არსებობს დასაქმების და პრედასაქმების სისტემა სახელმწიფოს მხრიდან. გერმანიაში ერთ-ერთი ბავშვი სახლში რომ გაუშვეს, თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ შეიმუშავა გერმანიის მთავრობამ დასაქმების პროგრამა. ეს ადამიანები სწორედ მაშინ გრძნობენ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად თავს, როცა მუშაობენ და დასაქმებულები არიან.
ჩვენ ახლა ვცდილობთ შევქმნათ ხუთი სოციალური საწარმო მაინც. ჩემმა მეგობარმა გვიყიდა სამკერვალო მანქანები. გავხსენით საამქრო, რომელიც ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს, სადაც ორი ჩვენი ბენეფიციარი დაოსტატდა. ქალაქის მერი დავით ნარმანია შეგვპირდა, რომ დაგვეხმარება სათბურის გაგეკეთებაში. გვინდა ასევე, გავაკეთოთ ფერმა.
სამწუხაროდ, საზოგადოებაც და მთავრობაც, ისე უყურებს ამ საკითხს, რომ ეს თემა, მხოლოდ შშმ პირების მშობლების და დღის ცენტრების საზრუნავია. კარგი იქნება, თუ ყველა გაითავისებს, რომ ეს ბავშვები ღვთის შვილები არიან, რომ ყველაზე დიდ სიკეთეს და მადლს მათთან ურთიერთობით მიიღებენ, მათი დახმარებაა სწორედ ის ღვაწილი, რაც შეიძლება ცხოვრებაში ღმერთმა მოგცეს.

მზევინარ ხუციშვილი

11051512_820373278011726_2049234323_n

11050951_820373271345060_208345852_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები