„საქართველოში არტისტისთვის ცხოვრება რთულია…“
„ისე, როგორც ყველა ბავშვს, ხატვა მეც ძალიან მიყვარდა. გარკვეულწილად, შინაგანად და ქვეცნობიერად ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა, რომ სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა და ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაღაც დონეზე ეს შედგა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, რომ ხელი შემიწყვეს და დამეხმარნენ.“ – მხატვარი ნინო ბოსიკაშვილი.
– სურვილი აისრულე, სამხატვრო აკადემია დაამთავრე…
– სამხატვრო აკადემიაში ფერწერის რესტავრაცია დავამთავრე და მაგისტრატურა მედიახელოვნების მიმართულებით გავაგრძელე. ძალიან საინტერესო იყო ძველი ტილოების რესტავრაცია, რაც უფრო საპასუხისმგებლო საქმეა, ვიდრე რთული. მით უმეტეს, როცა მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნის ნამუშევრებთან გაქვს შეხება, ცდილობ, არ დაზიანდეს და უფრო ცუდი შედეგი არ მიიღო ზედმეტად ჩარევით. თუმცა ახლა, როგორც ვიცი, ზედმეტად აღარ ერევიან და ნამუშევარს იმ მდგომარეობაში ინახავენ, როგორც არის. კონსერვაციას აკეთებენ და პირობებს უქმნიან, რომ უფრო მეტად არ დაზიანდეს. სამწუხაროდ, ჩემთვის ნაკლებად შემოქმედებითი აღმოჩნდა ეს მიმართულება. მე მიყვარს, როცა ახალს ვაკეთებ, ექსპერიმენტს ვატარებ და შემოქმედებით პროცესში ვარ. ამიტომ, ბოლოს თანამედროვე ტექნოლოგიები ავირჩიე.
– ახლა ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობ?
– დიახ, კერძო დაკვეთები მაქვს. მეგობრებთან ერთად ვაკეთებ კომპიუტერულ თამაშებს. შემოქმედებითი და საინტერესო პროცესია. საქართველოს „game jam“ ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავედით. ასევე, ახლა ვიყავი კოპენჰაგენში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი „game jam“ ჩატარდა. დიდი გამოცდილება მივიღე და ემოციებით სავსე წამოვედი. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია არტისტის ცხოვრებაში, ერთგვარი ინსპირაციის წყაროა.
– მუშაობ ფერწერაშიც…
– მიმართულებები, რომლებიც ავირჩიე, კონკრეტულად არცერთი ფერწერაში მუშაობას არ ითვალისწინებს, მაგრამ მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდი და ვცდილობდი, მაქსიმალური გამეკეთებინა ამ დარგში. მიყვარს ფერწერა და როცა თავისუფალი დრო მაქვს, სახლში ყოველთვის ვხატავ. ჩემთვის ეს ერთგვარი სულის საზრდოა. ფუნჯის ან ფანქრის მონასმის ხმა სულ სხვა ემოცია და გრძნობაა.
– შემოქმედებითი მუზა…
– იცით, შეიძლება დაინახო, მოგეწონოს და ის გახდეს ინსპირაციის წყარო, მაგრამ შემოქმედებითი მუზა, ძირითადად, მაინც მუშაობის პროცესში მოდის, როცა იწყებ ხატვას და ნელ-ნელა შედიხარ ემოციებში. რაც უფრო მეტს ხატავ და მუშაობ საკუთარ თავზე, უფრო მეტი ექსპერიმენტის საშუალება გეძლევა, რაც მერე სტიმულს გაძლევს, უფრო საინტერესო ნამუშევარი შექმნა.
– ფერები…
– საერთოდ თბილი ტონები მიყვარს, განსაკუთრებით წითელი ფერი. მაგრამ მუშაობის პროცესში ხასიათზე და განწყობაზეა დამოკიდებული. თუმცა აუცილებელია ფერწერის საფუძვლები იცოდე, რომ ფერები სწორად განავითარო. საერთოდ კი, თბილი და ცივი ფერების შეხამება ნამუშევარს საინტერესოს ხდის. გარდა ამისა, ნამუშევარში ემოციურ დატვირთვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფერებს. ცოტა რთულია ტილოზე ემოციის სწორად გადმოტანა, რომ დამთვალიერებელმა ასევე სწორად აღიქვას.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და კარგ მუსიკას განწყობის შესაქმნელად…
– გამოფენები…
– სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში ხშირად ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებში. ახლა, დიდი ხანია არ გამიკეთებია. სურვილი მაქვს, მაგრამ საქართველოში დღეს ისეთი მდგომარეობაა, რაღაცის დაგეგმა რთულია.
– ნამუშევრები იყიდება?
– საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდა ერთი ნამუშევარი, მაგრამ არც ვფიქრობ მათ გაყიდვაზე. მართალია, მხატვრები ამით ცხოვრობენ, მაგრამ მე ალბათ, ძალიან ეგოისტი ვარ და გამორჩეულად მიყვარს ჩემი ნამუშევრები.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს?
– გარკვეული დროის შემდეგ, ძველ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, აღარ მომწონს. ალბათ, ესეც განვითარების რაღაც ეტაპია. კრიტიკული ვარ საკუთარი ნამუშევრების მიმართ და ვთვლი, რომ ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ განვითარდები.
– მინდა, რომ…
– საერთოდ, ბევრი რამ მინდა, მაგრამ ის, რაც ბავშვობიდან მინდოდა, რაღაც დოზით შედგა და ამით ბედნიერი ვარ, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. მინდა, რომ მხატვრობის დონე საქართველოში მაღალ დონეზე იდგეს. საქართველოში რთულია არტისტისთვის ცხოვრება. ჩემი დიდი სურვილია, იმ დონეზე დავდგეთ, რომ ხელოვანს ბრძოლა არ უწევდეს საკუთარი თავი წარმოაჩინოს, პირიქით, ხელშეწყობა გვქონდეს.
მზევინარ ხუციშვილი