კობა ნარჩემაშვილი: ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება „ნაციონალების“ 9-წლიანი მმართველობის ანარეკლია
შს ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციის შესახებ ისაუბრა. როგორც მან „რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა, 21 მარტის აქცია დიდწილად არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით მანიპულირება მოახდინონ.
„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიცია ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ. „ნაციონალურ მოძრაობა” არ იტყვის უარს ისეთ რამეზე, რაზეც არასაპარლამენტო ოპოზიცია არ დათანხმდება, მათ შორის ისეთ რაღაცებზე, რაც კანონით აკრძალულია. 21 მარტის აქცია დიდწილად არის ოპოზიციის მცდელობა, მანიპულირება მოახდინონ იმ ვითარებით, რა ვითარებაც შეიქმნა ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს და ქვეყანაში სავალუტო კრიზისს. დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საჭირო არ არის მოლოდინების შექმნა. ამ შემთხვევაში ახალს არაფერს ველოდები, იქნება ჩვეულებრივი პოპულისტური აქცია, საკმაოდ გაუჭირდებათ ხალხის შეგროვება. შეკრებილთა უმრავლესობას კი „ნაციონალებისთვის” კარგად ცნობილი მეთოდით, თანხის საფასურად გამოიყვანენ”, – აცხადებს ნარჩემაშვილი.
კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება დიდწილად „ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობის ანარეკლია. მისი თქმით, იმ პერიოდში ხორციელდებოდა ყალბი ეკონომიკური აქტივობა, რამაც შემდგომში დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა.
„ნაციონალების ძირითადი მესიჯი იქნება გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, გაზრდილი ფასები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ლარის მერყეობას და ვარდნას. ვფიქრობ, ამ ვითარებაში საჭიროა, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ლარის კურსის ვარდნა არ არის ხელისუფლების უუნარობით გამოწვეული, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც იგივე მდგომარეობაა. ასახსნელია ის ვითარება, რომ დღეს არ არის ძალდატანებითი ეკონომიკური აქტივობის პერიოდი. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ხდებოდა. „ნაციონალების” დროს ხორციელდებოდა ყალბი ეკონომიკური აქტივობა. ბევრი ეკონომიკური აქტორი თანხას ბიზნესის მოთხოვნის შესაბამისად არ დებდა სადმე, მათ ამის გაკეთებას აიძულებდნენ.
შესაბამისად, ეს ეკონომიკური ვარდნა 9-წლიანი მმართველობის ანარეკლია. იმ პერიოდში ბიზნესმენებმა დიდი თანხა ჩადეს ეკონომიკის იმ დარგებში, რომელიც მათთვის წამგებიანი იყო. დღეს ბიზნესმენებმა, არამყარი ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ამჯობინეს, ლოდინის რეჟიმში გადავიდნენ და ინვესტირებისთვის უკეთეს დროს დაელოდონ, რაც „ნაციონალების” მმართველობის პერიოდში შეუძლებელი იყო. რასაკვირველია, ხელისუფლებას ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პროცესებში თავისი წილი აქვს, მაგრამ ახლა არის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი დაბრალდეს ხელისუფლებას”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.