დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს დაანონსებულ აქციაზე მუხტს ვერ ასწევს
„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს დაანონსებულ აქციაზე მუხტს ვერ ასწევს – ამის შესახებ პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს.
ლორთქიფანიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მცდელობა მათგან ან მათთან დაახლოებული ძალების მხრიდან, უშედეგო იქნება.
„სააკაშვილის დამქაშები შეეცდებიან, რომ ასეთი იმიტირებული ღონისძიებებითა და მიტინგებით მათი არსებობის შესახებ საზოგადოებრივი აზრი შექმნან. როგორც „ნაციონალების“ სუროგატმა „თავისუფალმა ზონამ“ თავისი თავი ამოწურა, ასევე მოხდება „ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაშიც. ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლის მანძილზე სისხლიანი კალოს დატრიალებას არასოდეს ააპტიებს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, ლორთქიფანიძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაწყებული 2011 წლის 26 მაისით დასრულებული, ქართველმა ხალხმა ასეთი პროვოკაციების მიმართ ერთგვარი აცრა ჩიატარა, როცა, მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის გზით მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარება ხდებოდა.
„საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მაპროვოცირებელ ფაქტორებს არ წამოეგება. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირეები ნამდვილად ჰყავს, სამწუხაროდ, მათ შორის „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი შემადგენლობიდან და ასევე დღევანდელ შემადგენლობაშიც, „რესპუბლიკელების“ სახით. სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ „ქართული ოცნება“ დღეის მდგომარეობით როგორი სუსტიც არ უნდა იყოს, – ცალკე მხარეს წარმოადგენს ხალხი“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ის ვადამდელ საპარლამენტო არჩვენებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ თუ ვინმეს 2016 წლამდე პარლამენტში მაქსიმალურად სურს ყოფნა გაიხანგრძლივოს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.
„საზოგადოებაში მწიფდება აზრი და ამას თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებიც არ უარყოფენ, კახა კალაძის ბოლოდროინდელი განცხადებაც რომ დავიმოწმოთ, ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ. ბუნებრივია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება კონსტიტუციური სარჩულის უზრუნველყოფას გულისხმობს. ვადამდელი არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური სარჩული მთავრობის გადაყენება ან ბიუჯეტთან დაკავშირებული გარემოებები და მისი არ მიღება გახლავთ, რაც უკვე განვლილი ეტაპია, ანუ მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის გადაყენება რჩება. თუ ვინმე 2016 წლამდე პარლამენტში ყოფნას ებღაუჭება და ცდილობს, იქ ყოფნა მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს, ეს რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად არ აწყობს“,-განაცხადა ლორთქიფნიძემ.