„მე ვფიქრობ ჩემს თავზე, იმიტომ რომ ვფიქრობ ამ ბავშვებზე…“

„პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ არასდროს მაინტერესებდა. ეს ის შემთხვევაა, მშობლები რომ ირჩევენ პროფესიებს შვილების მაგივრად. მე კი ვფიქრობ, ადამიანებმა ის უნდა ვაკეთოთ, რაც გულით გვინდა, თუნდაც ის საქმე, ნაკლებად შემოსავლიანი იყოს.“ – არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“ პროექტების მენეჯერი ზაქარია ჭელიძე.

– იურისტობაზე უარი თქვი…
– დიახ, უარი ვთქვი და დიდი ხნის განმავლობაში სარესტორნო მიმართულებით ვმუშაობდი. თავიდან დავიწყე მიმტანად მუშაობა, შემდეგ ბარმენად, ადმინისტრატორად და, ფაქტობრივად, ეტაპობრივად გავიარე ეს გზა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვხვდები, რომ კედელთან მივედი, ერთ ადგილს ვტკეპნი, ანუ შედეგს მივაღწიე, მერე ეს საქმე აღარ მაინტერესებს და ვცდილობ, სხვა რამე გავაკეთო. ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობდი მიმტანად და მივხვდი, რომ ამ საქმისთვის თავი უნდა დამენებებინა.
– არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“…10588580_819034984812222_1888413664_n
– გარკვეული პერიოდი, საზღვარგარეთ ვიყავი წასული და ბავშვებთან ვმუშაობდი. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ბავშვებს უკავშირდებათ. ამიტომ აღმოვჩნდი არასამთავრობო ორგანიზაციაში „ცხოვრების შანსი“, რომელიც 2010 წლის მაისში დაარსდა და გათვლილია სოციალურად დაუცველ ფენაზე, მზრუნველობამოკლებულ და იძულებით გადასახლებულ ახალგაზრდებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი და ამოცანაა, დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც გადამწყვეტი იქნება მათი მომავლისთვის. ასოციაციის უმთავრესი მისიაა, მისცეს ამ ახალგაზრდებს გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა, სოციალური პროგრამების განხორციელება მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისთვის.
ჩვენს სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები ბავშვთა სახლებიდან, დევნილი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან და ასევე ჯანმრთელობაშეზღუდული ახალგაზრდები.
თუ ოჯახში არის ფინანსური პრობლემები და მშობლებს არ შეუძლიათ,  შვილებს ხელი შეუწყონ, ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ. შევასწავლოთ პროფესია და მივცეთ პიროვნული განვითარება. ასოციაციის სამიზნე ჯგუფებისთვის გათვალისწინებული გვაქვს შემდეგი შემოთავაზებები: წინა-პროფესიული მომზადების ტრენინგები; პროფესიული გადამზადების კურსები; არტ-თერაპიული კურსები; სოციალურ-პედაგოგიური თანმხლება, კონსულტაციები და დახმარებები გრძელვადიანი დასაქმებისათვის.
– ასაკი განსაზღვრულია?11015184_819034968145557_1465063660_n
– როგორც იცით, ბავშვთა სახლებში ბავშვები 6-18 წლამდე არიან. ჩვენ ვმუშაობდით პატარებთან, მაგრამ ბოლო სამი წელია 15 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ბავშვთა სახლს დატოვებენ, ჰქონდეთ კონკრეტული პროფესია, რომ შეძლონ დასაქმება. ახლა უკვე მესამე თაობა გვყავს და რეალურად 50 ახალგაზრდაა დასაქმებული. თუმცა დღემდე არავინ არ იცის, ვინ არიან ისინი და საიდან მიდიან. გარდა ამისა, ჩატარდა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ასოციაცია „ცხოვრების შანსი“ ერთადერთი ორგანიზაციაა, ვინც ამ ასაკის ახალგაზრდებთან მუშაობს და ყველაზე მეტი შედეგი გვაქვს დადებული.
– თქვენ ამ ბავშვებს ტრანსფორმერებს უწოდებთ…
– დიახ, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ჩვენთან განიცდიან ტრანსფორმაციას. ისინი, ჩვენთან იმედდაკარგულები მოდიან და როცა ადაპტაციას გადიან, ხვალინდელი დღის და მომავლის იმედი უჩნდებათ. იწყებენ მუშაობას და სულ სხვა ადამიანები ხდებიან. მთავარი ის არის, რომ მათ არ სჭირდებათ საზოგადოების მხრიდან შეცოდება, მათ სჭირდებათ მეგობრები. მე და ლელა ეხვაია კი, ვართ ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ, ვიყოთ მათი მეგობრები და მომავლისკენ გზა გავუკვალოთ.
– ყველაზე მთავარი ალბათ, მაინც არტთერაპიული კურსია…
– დიახ, ჩვენ მათთან გვაქვს მუსიკის, ხატვის, ქსოვის, თიხასთან მუშაობის თერაპია, ამ დროს კარგად იკვეთება ბავშვის ხასიათი. ვმუშაობდით კოჯრის ბავშვთა სახლში და მათი ნამუშევრები გამოფენებზე გადიოდა. გლდანის კრიზისულ ცენტრში გვქონდა კულინარიის გაკვეთილები, სპორტული აქტივობები და ა.შ. ახლა ვაკეთებთ დათვების პროექტს. ხასიათის, ანუ დღესასწაულის მიხედვით ვქსოვთ დათვებს. პირველად იანვარში გავაკეთეთ და ძალიან მოეწონათ ბავშვებს. ახლა 3 მარტისთვის შეიქმნა დათვები და ვაგრძელებთ 8 მარტისთვის მუშაობას. მაღაზია Skyler New York-მა დაგვითმო სივრცე, სადაც გაიყიდება ეს დათვები და დიდი მადლობა მათ დახმარებისთვის.
– ფინანსურად გეხმარებიან?11015191_819034988145555_1829860006_n
– მე და ლელა ეხვაია დავდივართ და სულ ვცდილობთ ფინანსები ვიშოვოთ, მაგრამ, რაც მთავარია, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ სამი ბავშვი მაინც ფეხზე დავაყენოთ. ახლა, გერმანულმა ოჯახმა, რომელსაც შვილები არ ჰყავს, 10 ბავშვის დაფინანსება მთლიანად თავის თავზე აიღო. იმედი მაქვს, ოდესმე სახელმწიფოც დაფიქრდება ამ საკითხზე და მიხვდებიან, რომ ამ ბავშვების პიროვნული განვითარება მნიშვნელოვანია.
ჩვენ შევხვდით ქალაქის მერსაც და ავუხსენით, რომ შენობა გვჭირდება ახალგაზრდებისთვის, რომლებიც 18 წლის ასაკში ბავშვთა სახლებიდან გადიან და არ იციან, სად წავიდნენ. შეგვპირდნენ დახმარებას და ველოდებით.
მე მინდა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ქუჩის ბავშვები საშიშები არ არიან. უბრალოდ, ამ ბავშვებს მეგობრები სჭირდებათ. შეიძლება ისინი ბევრნი არიან, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც საზოგადოებაა. 20 ათასმა ადამიანმა რომ ცოტა აზრი შეიცვალოს, ხვალ ეს ბავშვები სხვანაირები იქნებიან. მე მომწონს, მიხარია და ბედნიერებას მანიჭებს მათთან ყოფნა. ახლა ვხვდები, რომ 30 წლის მანძილზე, ბოლო სამი წელია ვცხოვრობ, იმიტომ რომ ამ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა.

მზევინარ ხუციშვილი

11035211_819034998145554_732632037_o

11039389_819034994812221_492299313_n

11039564_819034978145556_326948615_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები