„რაც უფრო მეტი ადამიანი დაკავდება ხელოვნებით, უფრო მეტი სუფთა და სიკეთით სავსე გული იქნება…“

„თუ გახსოვთ, 90-იან წლებში ძაფებით ჭაღებს აკეთებდნენ. მე გადავწყვიტე ყვავილები გამეკეთებინა. მეგობრების და ახლობლების აღფრთოვანებამ სტიმული მომცა. მუშაობა გავაგრძელე და უკვე ოთხი წელია აქტიურად ვმუშაობ.“ – ია იმერლიშვილი.

– პროფესიით იურისტი ხარ…
– არ მიყვარს უსამართლობა. მუდმივად მაწუხებდა სამართლიანობის განცდა და ჯერ კიდევ მე-5 კლასში ვიყავი, პროფესია რომ ავირჩიე.
– თუმცა ბავშვობიდანვე ხატავ…961782_818579094857811_245138441_n
– სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა ხელით ნაკეთი ნივთები. სკოლა რომ დავამთავრე, ჩემმა დამ მირჩია, ხელოვნების მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ მაშინ ეს მუხტი ვერ ვიგრძენი და სურვილიც არ მქონდა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი სოციალურ კვლევით მარკეტინგის ინსტიტუტში ვიმუშავე. სამსახურიდან რომ გამათავისუფლეს, აქტიურად მაშინ დავუბრუნდი ხელოვნებას.
– რასაც შენ აკეთებ, ეს მხოლოდ ხატვა არ არის…
– დიახ, ჯერ ვხატავ, მერე ლურსმნებს ვაჭედებ და ძაფებით ვქარგავ. მხატვრობისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება არსებობს, მაგრამ მე არ ვიცი, ამ მიმდინარეობას რა დავარქვა. სამხატვრო განათლება არ მაქვს, არავის არაფერი უსწავლებია. მე თავად დავიწყე ასე მუშაობა და ნელ-ნელა დავხვეწე.
– შთაგონების წყარო რა არის?
– ძალიან მიყვარს ყვავილები. თავიდან ყვავილების გაკეთება დავიწყე. ახლა, მთავარია მომეწონოს რამე და ინტერესი გამიჩნდეს. ძირითადად, ნამუშევრების იდეა ჩემია, მაგრამ ინტერნეტიც მეხმარება და გარემოც. სადაც არ უნდა წავიდე, ყველაფერს ჩემეულად აღვიქვამ. შეიძლება უბრალოდ რეკლამა ვნახო და მასში რაღაც მომეწონოს.
– ფერები…
– ზოგადად, ღია ფერები მიყვარს, მაგრამ ნამუშევრებს მუქ ფერებში ვაკეთებ. ნამუშევრის იდეას მკაფიოდ გამოხატავს. ვიყენებ საღებავებსაც, მაგრამ, ძირითადად, ძაფების ფერებია.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
-არ მიყვარს, როცა მიყურებენ. მშვიდ, წყნარ გარემოში მარტო ყოფნა მირჩევნია. ხმაური ხელს მიშლის. ძირითადად, ვმუშაობ, როცა ჩემი შვილი სკოლაშია ან სძინავს.
– როგორც ვიცი, გამოფენა  ჯერ არ გაგიკეთებია…
– მხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. ნამუშევრების გაკეთება დიდ დროს მოითხოვს. ახლა, მხოლოდ 18 ნამუშევარი მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნამუშევრების სიმცირის გამო, ვერ ვაკეთებ გამოფენას. ნამუშევრების გაყიდვა სწორედ იმიტომ შევწყვიტე, რომ ჯგუფურ გამოფენაზე მაინც მივიღო მონაწილეობა.11016657_818579101524477_2052420776_n
– ზოგადად, რა არის შენთვის ხელოვნება?
– ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ყოველი ახალი ნამუშევარი. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ძალიან მეხმარება, სხვა სამყაროში გადავდივარ. როგორც ცხოვრებაა ყველაზე კარგი მასწავლებელი, ისე მასწავლის და მაჩვენებს ჩემს შეცოდმებს ჩემი ხელოვნება და ნამუშევრები. მიყვარს სხვა ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება და ჩემებურად შეფასება. ვთვლი, რომ არ არსებობს ცუდი ნამუშევარი, უბრალოდ არიან საუკეთესოები და გამორჩეულები.
– გამორჩეული ნამუშევარი გაქვს?
– ყველა ნამუშევარი მნიშვნელოვანია ჩემთვის და თითოეულ მათგანს თავისებური ხასიათი აქვს, მაგრამ მაქვს ერთი ნამუშევარი – გვირილები და იები ერთად, რომელიც არასდროს არ გაიყიდება. ამ ნამუშევარში საკუთარ თავს ვხედავ.
– მინდა, რომ…
– საერთოდ, მინდა ჩემი გარემო მქონდეს, რომ არავინ შემაწუხოს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ვარ. ეს გარემო მუშაობისთვის მჭირდება. მაგრამ, ახლა, ძალიან მინდა გამოფენა გავაკეთო, რომ ხალხმა გაიცნოს ჩემი ნამუშევრები და გაიგოს, რომ არსებობს ხელოვნების ასეთი მიმდინარეობა. საზოგადოების ფართო მასების მოწონებას თუ დაიმსახურებს ჩემი შემოქმედება, ჩემთვის უფრო დიდი სტიმული იქნება.

მზევინარ ხუციშვილი

11039724_818579091524478_149745547_n

11039773_818579088191145_692389586_n

11041371_818579108191143_359732535_n

11047235_818579098191144_720032453_n

11051019_818579104857810_2137250160_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები