გოგა ოსეფაშვილი – რეალობის გრძნობებით აღქმა აუცილებელია ადამიანისათვის და თეატრს ამის პროვოცირება შეუძლია

ის არც პირველი და არც უკანასკნელია, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ბევრჯერ დასწყვიტეს გული. დრამატულია, როცა საკუთარ ქვეყანაში, არცერთ თეატრში შენი ადგილი არ არის მაშინ, როცა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძლიერი შოუმენი, ჯამბაზი, რომელსაც თანამედროვე ჩარლი ჩაპლინს უწოდებენ, შენს მაღალ პროფესიონალიზმს ჯეროვნად აფასებს და საკუთარ ლეგენდარულ თეატრში სამოღვაწეოდ გიწვევს. თავად ამ ყველაფერს დროის უცნაურობით ხსნის, ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს და უკეთესი მომავლის იმედს იტოვებს. “ჩემი ცხოვრებისეული მიზანია, ვაკეთო საყვარელი საქმე და ამით მივანიჭო ხალხს სიამოვნება”,– გოგა ოსეფაშვილი.

– ახლახან დაბრუნდით მოსკოვიდან. მოგვიყევით ლეგენდარულ ჯამბაზთან, სლავა პოლუნინთან თანამშრომლობის შესახებ.
– მე და სლავას 30 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. მისი სურვილი იყო, რომ მე მასთან მეთანამშრომლა. მას დასში არ ჰყავდა სევდიანი ჯამბაზი და ეს ჩვენი თანამშრომლობა გადაწყდა, როდესაც იგი იყო ჩამოსული თბილისში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თავისი ცნობილი სპექტაკლით. მან მიმიწვია მოსკოვის გასტროლებზე, სადაც 30 იანვარს ვითამაშე პირველი სპექტაკლი. შესანიშნავი, საკმაოდ ინტერნაციონალური დასია, რომელშიც დაახლოებით 15 ქვეყნის წარმომადგენელია და მათ რიცხვს შევუერთდი მეც, როგორც ქართველი მსახიობი.11016733_931869413513906_404743428992643178_n
– მას თანამედროვე ჩარლი ჩაპლინს უწოდებენ…
– ძალზე საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მსოფლიოში ცნობილ და წარმატებულ ჯამბაზ სლავა პოლუნინთან თეატრალურ კლასიკად ქცეულ სპექტაკლ “სნოუშოუ”-ში მონაწილეობის მიღება. მისი თეატრი არის მსახიობებისა და მაყურებლის ერთად ყოფნა შემოქმედების მაგიურ სივრცეში.
–  როგორი ატმოსფერო სუფევს დასში…
– დასში სუფევს უსაზღვროდ მეგობრული ატმოსფერო. კულისებში ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობს და რომელიმეს წარმატებული სცენა ყველას წარმატების თანაზიარია. ყველა მსახიობის ყოველდღიური შეხვედრა ერთმანეთთან ჩახუტებით და სითბოს გამოხატვით იწყება და ამ სითბოს მთელი 20 დღის განმავლობაში ვგრძნობდი.
– ცხადია, დიდი თანხებთან იქნება დაკავშირებული ეს გრანდიოზული სანახაობა…
– ტექნიკურად იმდენად რთული და სანახაობრივი სპექტაკლია, რომ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სლავა პოლუნინი მოგებაზე იმდენად არ ფიქრობს. მისთვის მთავარია, ეს სიხარული და ბედნიერება აჩუქოს მაყურებელს. ყველა ბილეთი დიდი ხნით ადრე იყიდება. მაყურებელი ბევრია.
– პანტომიმის თეატრის მსახიობობას მარტო არტისტული მონაცემები სჭირდება, თუ სხვაც ბევრი რამ არის გასათვალიწინებელი?
– პანტომიმის მსახიობი ისევე უნდა ფლობდეს საკუთარ სხეულს, როგორც დრამატული თეატრის მსახიობი მეტყველებას.11037567_931869460180568_929799225675832331_n
– ამით არ დასრულდა, ალბათ, თქვენი და სლავა პოლუნინის თანამშრომლობა…
– რამდენიმე დასი ჰყავს სლავას და სხვადასხვა გასტროლზე სხვადასხვა დასი მონაწილეობს. ეს ერთი დიდი ოჯახია, რომლშიც უკვე მეც მიმიღეს. კონკრეტულად, სად და როდის, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი და სლავას თანამშრომლობა ამით არ დასრულებულა.
– რამ განაპირობა თქვენი მსახიობობა?
– თბილისში მსახიობის ოჯახში დავიბადე. დღესაც მახსოვს ერთი და იგივე ტექსტით შევსებული ბლოკნოტები. მამა თურმე გადაწერით იმახსოვრებდა როლებს და სხვებზე ადრე იშორებდა ტექსტთან დაკავშირებულ პრობლემებს. დედა დიასახლისი იყო, მაგრამ ცხოვრებში მსახიობი ისე ვერ გამოაჯავრებდა ვინმეს ქცევით და სიარულით, როგორც ის. პროფესიონალი გეგონებოდათ. დედაჩემი, გულნარა ემხვარი მეტად სტუმართმოყვარე და გულღია ქალბატონი იყო. 51-ე საშუალო სკოლა დავამთავრე.  ფეხბურთს ძალიან კარგად ვთამაშობდი, მაგრამ მისი დიდი სურვილი იყო, მევლო ცეკვაზე და პიონერთა სასახლეში ცეკვის წრეზე შემიყვანა – რუბენ ჭოხონელიძის კლასში. სკოლაში უფრო ჰუმანიტარული საგნები მიტაცებდა, ხოლო ტექნიკური კი მიძნელდებოდა, მაგრამ რადგან სკოლის ოლიმპიადებში აქტიურად ვმონაწილეობდი, დამაკმაყოფილებელ ნიშნებს მიწერდნენ.
როდესაც მამა თეატრიდან წავიდა, მუშაობა დაიწყო დირექტორის მოადგილედ ოკამის ღვინის ქარხანაში, სადაც უგემრიელესი ღვინო მზადდებოდა. რადგან დედა ძალზე სტუმართმოყვარე გახლდათ, ჩვენს ოჯახში ხშირი სტუმრიანობა იყო. ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ მამის მეგობრები, ძირითადად, კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, მათ შორის უფრო ხშირად ნათლიაჩემი- გიორგი შავგულიძე, შოთა ქოჩორაძე, ავთო ვერულეიშვილი. მახსოვს აკაკი კვანტალიანი, ვასო გოძიაშვილი და ახალგაზრდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.
– 1 მაისის დემონსტრაციისას მამა ფანჯრიდან გადასძახებდა მსახიობებს: ხომ იცით მერე, რომ უნდა ამოხვიდეთ ჩემთანო? ეს ტრადიციად იყო ქცეული.11037174_931869666847214_798042844994460829_n
ამ თეატრალურმა ატმოსფერომ განაპირობა ჩემი არჩევანი მომავალი პროფესიისა. ჩავაბარე სერგო საქარიაძის სახ. თეატრალურ სასწავლებელში, სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე, სადაც მასწავლიდნენ ვალერიან დოლიძე და ლევან შატბერაშვილი. სწავლის დროს მოვიხიბლე პანტომიმის ჟანრით, რომელსაც ამირან შალიკაშვილი უძღვებოდა.
ჩავირიცხე მასთან თავისუფალ მსმენელად და ჩემი აქტიურობით მისი ყურადღება მივიქციე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი უკვე მის მიერ შექმნილ ნიჭიერთა დასში მოვხვდი, რომელიც ჯერ ფილარმონიასთან არსებული იყო, ხოლო შემდეგ კი სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა. იყო ძალზე საინტერესო სპექტაკლები, როლები, გასტროლები კავშირის და საზღვარგარეთის მრავალ ქალაქში, სადაც ყველა სპექტაკლი ძალზე წარმატებული იყო.
– ქართველი და უცხოელი მაყურებელი…
– ჭეშმარიტი ხელოვნება ყველა ეროვნების მაყურებლისათვის აღქმადია, ემოციების და გრძნობების გამომწვევია და ამის ნათელი მაგალითია პანტომიმური ნოველა “ვენახი” , სადაც რამდენიმე წუთში ასახულია ადამიანის მთელი ცხოვრება.
– თქვენს პედაგოგიურ, ასევე ქორეოგრაფიულ მოღვაწეობაზე გვიამბეთ.
– პედაგოგიური მოღვაწეობა თეატრში მუშაობის პარალელურად დავიწყე. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მიმყავდა პლასტიკის კურსი და მიხარია, რომ დღეს უკვე ბევრი წარმატებული მსახიობი ჩემი სტუდენტი იყო. ყალიბდებოდა ფანტაზია, იხვეწებოდა გემოვნება და ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობები, რაც ბევრი რეჟისორის დაინტერესებას იწვევდა და რომლებსაც უჩნდებოდათ სურვილი, ეთანამშრომლათ ჩემთან, როგორც ქორეოგრაფთან, მათ მიერ განსახორციელებელ დრამატულ სპექტაკლებში, ბედნიერი ვარ შემოთავაზებებით იმ ხელოვანებისაგან, რომლებიც ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მიმუშავია მ.თუმანიშვილთან, ს. მრევლიშვილთან, დ. კობახიძესთან, ვ. ნიკოლაძესთან, ნ. ბაგრატიონთან, ც. ნაკაშიძესთან და სხვა მრავალ ნიჭიერ შემოქმედთან, რომლებთანაც თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ცალკე აღსანიშნავია ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიასთან“ ერთად მოღვაწეობა, სადაც ალექსანდრე ბასილაიას მუსიკის და ჯემალ ბაღაშვილის რეჟისურით მრავალი მიუზიკლი დაიდგა.  მეც ვმონაწილეობდი, როგორც ქორეოგრაფი.10986901_931869396847241_576126254819279117_n
– როგორია თქვენი შეხედულება თანამედროვე დრამატურგიაზე?
– შეიძლება ვცდები, მაგრამ თანამედროვე დრამატურგიაში განვიცდი ემოციისა და გრძნობის ნაკლებობას. ცხოვრება ხომ ამის გარეშე არ არსებობს. ზოგიერთი მალავს ამას და სრულ მარტოობაში ამჟღავნებს. მხოლოდ გრძნობებს შეუძლიათ ცხოვრებას სრულყოფილება მიანიჭონ. რეალობის გრძნობებით აღქმა აუცილებელია ადამიანისათვის და თეატრს შეუძლია ამას პროვოცირება გაუწიოს. მაღიზიანებს სცენიდან ყოველი უშვერი და ვულგარული ფრაზების მოსმენა. როდესაც სპექტაკლი მთავრდება, მაყურებელი უნდა იყოს დადებითი ემოციებით დამუხტული.
მარჯანიშვილის ახალ სცენაზე ზორინის „ვარშავული მელოდიის“ მიხედვით “საზღვრები” დადგით. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია სპექტაკლის ასეთი დიდი წარმატება.
აი ზუსტად, რაც ზემოთ ავღნიშნე, ეს არის. ეს პიესა აღსავსეა გრძნობებითა და ემოციებით, რომელსაც მთავარი გმირები განიცდიან და რის დეფიციტიც დღევანდელი მაყურებელს აქვს. მსურველებს ამ სპექტაკლის ნახვა დღეს საღამოს, 20:00 საათზე მარჯანიშვილის ახალ სცენაზე (სარდაფი) კიდევ ერთხელ შეუძლიათ.
– დაუვიწყარი პარტნიორი სცენაზე…
ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად მითამაშია, მაგრამ მათ შორის ქეთი ქიტიაშვილს გამოვარჩევდი.
– ამჟამად სად მუშაობთ. როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
– კონკრეტულად არსად. რამდენიმე სცენარზე ვმუშაობ და ჯერჯერობით ვარჩევ თეატრალურ სივრცეს.
– არცერთი თეატრის დასში არ აღმოჩნდით. რატომ მოხდა ასე?
– დროა უცნაური… ასე ვერ გეტყვით, მაგრამ მე მაინც ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და უკეთესი მომავლის იმედს ვიტოვებ. ჩემი ცხოვრებისეული მიზანი გახლავთ, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ამით მივანიჭო ხალხს სიამოვნება.
–  როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს…
– ბავშვობიდან ძალზე პუნქტუალური, საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, შრომისმოყვარე და სხვისი ნიჭიერების დამფასებელი  ვარ.
– თქვენი მეუღლეც მსახიობია. შვილებს თუ გამოჰყვათ მშობლების ნიჭი?
– დიახ, ჩემი მეუღლეც ასევე პანტომიმის თეატრის მსახიობი გახლავთ – მერი ალიმბარაშვილი.
შვილებს გადაეცათ ეს ნიჭი, მაგრამ სხვა კუთხით განავითარეს. ჩემი უფროსი ქალიშვილი სტომატოლოგია, ისრაელში  ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჩემი ვაჟი კი მე მეხმარება ჩემი სპექტაკლების წარმართვაში.
– რას ეტყოდით საკუთარ მაყურებელს?
– ღრმა პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც სახლში ყოფნას, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომას ურჩევნიათ თეატრში ყოფნა.

ირმა მირზაშვილი

19504_931869663513881_4004615999292693042_n

11021078_931869730180541_2063125342248558043_n

11034215_931869606847220_2219124875255525405_n

11038397_931869993513848_7247515092370070058_n

11044552_931869400180574_984442483501922074_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები