„მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს აიდეალებს წარსულს…“
„პროფესია რომ ავირჩიე, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ის ჩემთვის. თავიდან ჩვეულებრივი ბანალური არჩევანი გავაკთე, ჩავაბარე აკადემიაში, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად, რაც მომწონდა, ეს ფერებთან და ხაზებთან თამაში იყო. ეს იყო ყველაზე ადვილი და მარტივი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე. აბიტურიენტობის დროს დღეში რვა საათი მიწევდა სამხატვრო ჯგუფურ სტუდიაში მუშაობა, არასდროს იყო ეს ჩემთვის მოსაბეზრებელი ან დამღლელი. ამ თამაშ-თამაშით მივხვდი, ეს იყო ის საქმე, რისთვისაც მთელ ჩემს ცხოვრებას შევწირავდი…“ – მხატვარი მაკა ბატიაშვილი.
– რა არის თქვენთვის ხატვა, საერთოდ ხელოვნება?
– ხატვა არის სიამოვნება, არის გართობაც და დიდი შრომა, სიმძიმეების აწევა, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. ხელოვნება არის ის, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, რაც რეალობაშია შეუძლებელი.
– თქვენი შთაგონების წყარო, გნებავთ, ასახვის საგანი…
– შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ყველაფერი, ის რაც გაძლევს ემოციას, რამაც მოახდინა შთაბეჭდილება, რითიც აღფრთოვანდი ან გაბრაზდი. საგანი ხშირად გამხდარა ჩემი ნამუშევრის თემა. საგნები ადამიანის ნაწილია და ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან. ჩვენ სულ გვჭირდება საგანი, რომლებსაც დრო განსაკუთრებულ ძალას და ფასეულობას აძლევს, ხან კი პირიქით, იმდენად უსარგებლოა, რომ თავიდან ვიშორებთ. ამით კი თავიდან ვიშორებთ ჩვენს მოგონებებს, რაც ამ საგანს უკავშირდება. ჩემი დამოკიდებულება ასეთია: არ მქონდეს ისეთი საგანი, რაც არ მჭირდება, რომ არ შეამციროს სივრცე ჩემს სახლში, რადგან მომწონს ფიზიკურ სიცარიელეში ცხოვრება.
– ფერები თქვენს შემოქმედებაში…
– როდესაც მეხსიერებაში ვიქექები და ბავშვობას ვიხსენებ, ვხვდები, რომ სადღაც, მაშინვე გადაწყვეტილი იყო, რომ ფერმწერი გამოვიდოდი. მახსოვს, როგორ ღიზიანდებოდა ჩემი გონება, როდესაც მწვანე ბალახებს ვხედავდი, რომლებიც მაშინ უზარმაზარ ჯუნგლებად მეჩვენებოდა. მწვანე ფერი მაშინ შეიჭრა ჩემს გონებაში და სამუდამოდ დარჩა იქ. მწვანე ბალახი ხშირია ჩემს ნამუშევრებში, რადგან არის რაღაც ძალიან ბუნებრივი და დაუვიწყარი შთაბეჭდილების მატარებელი.
ასევე, მკაფიოდ დამამახსოვრდა ცისფერი, რაც ჩემთვის თავისუფლების ფერია. ბაღში, სადაც მხოლოდ ორი კვირა ვიარე, დღის ბოლოს დედაჩემი რომ მოდიოდა წასაყვანად, ცისფერი შარფი ეკეთა. ამ შარფის ზემოთ მის ღიმილს ვხედავდი და მახსოვს, როგორ მჭრიდა თვალს ეს ცის ფერი, რაც დაკავშირებული იყო დედაჩემის ღიმილთან, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩემი ტანჯვა დამთავრდა და სახლში წავიდოდი.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…
– მე მომწონს სახლში მუშაობა, რადგან ქუჩა, სადაც ძლიან მიყვარს ფეხით სიარული, ჩემთვის არის სტრესი თავისი ქაოსით. მანქანების სიგნალები და დაყრილი ნაგავი მთელ დღეს მიფუჭებს. ამიტომ, ხატვა მინდა დავიწყო ისე, რომ სახლიდან არ გავიდე. რასაკვირველია, მჭირდება სიმშვიდე ხატვის დროს, მაშინ, როცა ამავე დროს ხმაურიანი საღამო მაქვს დაგეგმილი. ნახატები იქმნება სიმშვიდეში, მაგრამ იდეები მოდის აუცილებლად ხმაურიდან და აქტივობიდან.
– გამოფენები და შთაბეჭდილებები…
– გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ჩემთვის არ ვხატავ, არ მიკიდია სახლის კედლებზე ჩემი ნახატები. მე ვხატავ სხვებისთვის. როდესაც რომელიმე ნამუშევარზე ვმუშაობ, მისი მონა ვხდები იმ მომენტში, მთლიანად ვემორჩილები იმ ფერებს, მონასმებს და ფიგურებს, მაგრამ როდესაც დამთავრდება, ის ჩემთვის აღარ არსებობს. მინდა, რომ ის სხვისი გახდეს. მე არ ვარ კოლექციონერი, რომელიც ნახატებს აგროვებს.
ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. დიდი ყურაღება მაქვს საზღვარგარეთის გალერეებიდან, რაც, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნისთვის არის ძალიან კარგი. ხშირად მაქვს გამოფენები სხვადასხვა ქვეყნებში და ყოველთვის დიდ ინტერესი რჩება იქ საქართველოზე. ასევე, ეს არის კარგი მიზეზი მოგზაურობის და ახალი სივრცეების გაცნობის, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია არა ჩემი შემოქმედებითი, არამედ ჩვეულებრივი ცხოვრება.
– რა შეგიძლია თქვათ თანამედროვე ქართული ხელოვნების შესახებ…
– ვთვლი, რომ ბევრი საინტერესო მხატვარი გვყავს, მაგრამ მე ვხედავ, როგორ უქრებათ სტიმული და ძალა მუშაობის, როდესაც არ ფინანსდება რომელიმე ძალიან კარგი პროექტი.
– მხატვრის თვალით დანახული ჩვენი სინამდვილე...
– მე მიყვარს სინამდვილე და, ზოგადად, რეალური ცხოვრებით ცხოვრება, არ დავფრინავ ღრუბლებში, როგორიც არის მხატვრის სტერეოტიპი. არ ვარ დაბნეული და დეპრესიული მხატვარი, რომელიც ცდილობს, იყოს განსხვავებული და უცნაური.
სინამდვილე არის ის, რაც ჩვენს გარშემოა და, სადაც მიმდინარეობს ჩვენი ყოფითი ცხოვრება. ის ყოველთვის, როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს – მშვენიერია. უბრალოდ, ჩვენ მარტო მშვენიერებით არ ვკმაყოფილდებით.
– ყველაზე საინტერესო პროექტი ან ნამუშევარი, რომელზეც იმუშავეთ და რატომ?
– მე მიყვარს მომენტი, როდესაც ვგრძნობ, რომ ეს უნდა დაიხატოს, მომწონს ამ დროს, როგორ მიცემს გული და როგორ ვგრძნობ ხელებში ძალას. ჩემთვის ძვირფასია ყველა პროექტი, რაც კი გამიკეთებია. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს აიდეალებს წარსულს. ამიტომ მირჩევნია სიხარულით აღვნიშნო სამომავლო პროექტი, რომელიც სექტემბერში იგეგმება. გალერეა ProjectArtBeat-ი აწყობს ოთხი ქართველი მხატვრის გამოფენას ლონდონში, გალერეა Saatchi -ის არტ ფეარზე, სადაც მე ვმონაწილეობ. ამისთვის საკამრისი დრო მაქვს და განსაკუთრებულად მოვემზადები.
– 26 თებერვალს „თი-ბი-სი“ გალერეაში გამოფენა „სათამაშო მოედანი“ გაიხსნება…
– თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის მოიცავს გარკვეულ მიზანს.
ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რასაც მოგვიანებით, დიდობაში სხვა, უფრო ძვირად ღირებული საგნები ცვლის. ასევე ვირგებთ როლებს, რომლებიც, ძირითადად, რეალური სახის დასაფარავად გვჭირდება და ვთამაშობთ იმას, როგორიც გვინდა, რომ ვიყოთ.
ჩვენ ზუსტად თამაშით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ემოციებს, იმ მოედანზე, სადაც ჩვენ დავიბადეთ და ვერსად ვერ გავიქცევით თამაშის დროსაც კი…
მზევინარ ხუციშვილი