კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. კუბლაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2005 წლის 23 თებერვლიდან იკავებს. კუბლაშვილის ადგილს დროებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე შეასრულებს.
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. მას პარლამენტში მიმდინარე კვირის განმავლობაში მოუსმენენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ.