ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას ერთხელაც არ უთხრეს, რომ ხალხის არჩევანის ქუჩაში მოსროლა, ქვეყნის პარლამენტის და კონსტიტუციის საბოტაჟი არის ანტიევროპული ქმედება
,,ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი, როგორი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის გარკვეულ პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ წრეებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟი ანტიევროპული ქმედებაა.
„ჩვენ არ გვახსოვს არცერთი საქმე, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა, სადაც ზუსტად ანალოგიური განცხადებები არ მოეყვანათ, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდიოდა, სტრასბურგის სასამართლო ნათლად იძლეოდა დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მართლაც ღია სასამართლო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჯდებოდა ადამიანის უფლებებსა და სამართლიანი სასამართლოს ჩარჩოებში. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური ვითარება დადგება ამასთან დაკავშირებით. აქ არის პოლიტიკური მდგენელი. ამ ოპოზიციას ერთხელაც არ უთხრეს, რომ ხალხის არჩევანის ქუჩაში მოსროლა, ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟი და ქვეყნის კონსტიტუციის საბოტაჟი არის ანტიევროპული ქმედება. უკარნახეს, რომ ამ პოლიტიკურ გზას და გეზს დასდგომოდნენ, სწორედ მათმა ამ რჩევებმა და ოპოზიციის ბრმად მიყოლამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა