დავით საყვარელიძის დედა რამდენიმე დღეა სამსახურში არ ცხადდება – სად იმყოფება მადონა ჭეიშვილი?!
უკრაინის პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის დედა მადონა ჭეიშვილი უკვე რამდენიმე დღეა სამსახურში არ ცხადდება, – ამის შესახებ „კვირას“ ლილოს დასახლების პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილემ გოგა ჯავახაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიკლინიკის დირექტორი მადონა ჭეიშვილი უცხოეთში იმყოფება და კიდევ სამი კვირის განმავლობაში თბილისში არ იქნება, თუმცა, ჯავახაძემ „კვირას“ არ გაუმხილა, კერძოდ, რომელ ქვეყანაში იმყოფება პოლიკლინიკის დირექტორი. მადონა ჭეიშვილის მოადგილე ოფიციალურად აცხადებს, რომ პოლიკლინიკის დირექტორი სამსახურისთვის საჭირო ინვენტარის შესაძენად უცხოეთში იმყოფება. თუმცა, იგი ვერ აკონკრეტებს, რა ტექნიკის შესაძენად გაემგზავრა მადონა ჭეიშვილი უცხოეთში.
„ავად ვიყავი, სამსახურში დღეს გამოვედი და ქალბატონი მადონა ჭეიშვილი სამსახურში არ დამხვდა. ჩემთვის ცნობილია, რომ პოლიკლინიკის დირექტორი უცხოეთში გაემგზავრა პოლიკლინიკისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად. საზღვარგარეთ იმყოფება, ვერ დავაკონკრეტებ, სად არის. ცნობილია, რომ კიდევ სამი კვირა არ იქნება სამსახურში”, – აღნიშნა მადონა ჭეიშვილის მოადგილემ გოგა ჯავახაძემ, რომელიც კითხვაზე, იმყოფება თუ არა ჭეიშვილი უკრაინაში, არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანაშია მისი ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურორის მოადგილედ 2015 წლის 16 თებერვალს დაინიშნა. ზუსტად, ამავე დღეს, 16 თებერვალს დავით საყვარელიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადებით მიმართა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე კვიტაშვილის მინისტრობის პერიოდში, მადონა ჭეიშვილი თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა.