„როდესაც თეატრში შედიხარ, შენი ბინძური კალოშები გარეთ დატოვე…“

„კინო ყველას ბავშვობის გატაცებაა. ნებისმიერ ადამიანს რომ შეეკითხოთ, ალბათ ყველა გეტყვით, რომ თუნდაც ერთ როლს სიამოვნებით ითამაშებდა ფილმში. მაგრამ მე თეატრს ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი და ჩემი სულის ნაწილი გახდა.“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ირაკლი სამუშია.

– ქუჩა და თეატრი…
– ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვდგამდით პატარა სპექტაკლებს და ხშირად ვმონაწილეობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორი წელი ზუგდიდის თეატრის სტუდიაში დავდიოდი. ფინანსური პრობლემების გამო, თბილისში ვერ წამოვედი და ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში თეატრალურზე ჩავაბარე. ბათუმში მქონდა  დავრჩენის შემოთავაზება, მაგრამ მშობლების გამო საკუთარ ქალაქს, ზუგდიდს დავუბრუნდი. 2007 წლიდან ვარ ზუგდიდის თეატრის მსახიობი.11004123_813499368699117_1833737143_n
ქუჩაში გაზრდილი კაცის სახელი მაქვს. ასე დავწანწალებდით მე და ჩემი თანატოლები. თეატრმა მიმიკედლა და მიმაჯაჭვა კარგ სამყაროს. თეატრი რომ არა, შეიძლება ახლა ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი ყოფილიყო. ბევრმა ჩემმა ახლობელმა არც იცის, რომ თეატრის მსახიობი ვარ. ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, შენ რომ გგავს, ის პიროვნება კარგად თამაშობს სცენაზეო.
შეგიძლია, რომელიმე როლი გამოარჩიო?
– ამ წლების განმავლობაში 30 როლი ვითამაშე. ამ საკითხზე არც მიფიქრია და ვერც გამოვარჩევ. ყოველთვის კმაყოფილი ვარ იმ როლით, რომელსაც რეჟისორი მაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი როლია თუ მეორეხარისხოვანი. მთავარი ის არის, რომ ბევრი გულშემატკივარი მყავს, რაც იმედს მაძლევს, რომ კარგად ვთამაშობ. თუმცა მე, როგორც მსახიობს, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს და ვცდილობ, ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე.
ზოგადად, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ჩემი პირადი ცხოვრება და თეატრში განხორციელებული როლები. მე მგონი, ორი სკოლაა: ბრეხტის და სტანისლავსკის. შეგიძლია სცენაზე ითამაშო როლი და შემდეგ, იფიქრო, იმ სიტუაციაში შენ როგორ მოიქცეოდი და რას გააკეთებდი.
– რა არის მსახიობისთვის თეატრში მნიშვნელოვანი?
– არის ასეთი გამონათქვამი, როდესაც თეატრში შედიხარ, შენი ბინძური კალოშები გარეთ დატოვეო. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, თეატრში რომ შედიხარ, ყველა პირადი პრობლემა გარეთ უნდა დატოვო. მთელი სულით და გულით იქ უნდა იყო. თეატრში რომ შევდივარ, ყველაფერს ხაზს ვუსვამ და ვივიწყებ, ტელეფონი გამორთული მაქვს, შემიძლია გავითიშო და ორი, სამი დღე თეატრში ვიცხოვრო. სხვანაირად არც როლი გამოგივა.11004755_813499362032451_1464345220_n
– პრემიერა…
-პრემიერამდე ძალიან ვნერვიულობ, ეს დრო სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის. მგონია, ერთი დღე გათენდება და სცენაზე მოვკვდები. სცენაზე გასვლიდან ხუთი წუთი მჭირდება, მერე ყველაფერი იხსნება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ტაში და მაყურებლის თვალები ბედნიერებას მანიჭებს.
– მაყურებელი…
– ჩვენს ქალაქში ძალიან კარგი მაყურებელია. ყველა თეატრი, რომელიც გასტროლებზე ჩამოდის, კარგად იციან, რომ სამეგრელოს განსაკუთრებული მაყურებელი ყავს. ალბათ, მათი დამსახურებაც არის, რომ რთული და მძიმე პირობების გამო თეატრი მაინც აგრძელებს არსებობას.
– ფილმი „სიმინდის კუნძული“…
-კამერასთან პირველი შეხება ზაზა ურუშაძის სერიალში „ცხელი ძაღლი“ მომიწია. უმნიშვნელო როლი მქონდა. შემდეგ გიორგი ლიფონავასთან – „მე მიყვარს სვანეთი“. „სიმინდის კუნძული“ მესამე ფილმია, მაგრამ პირველი მთავარი როლი. ძალიან გამიხარდა, ამ როლზე რომ დამამტკიცეს, ბევრი რამ ვისწავლე და  კარგი გამოცდილებაც მივიღე. თუმცა ფილმი ახლა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით ვნახე.
კინო და თეატრი…11007555_813499385365782_482885566_n
-მე თეატრი მირჩევნია. სხვა სამყაროა, უფრო ღრმაა, გულთან მიმაქვს როლი და განვიცდი. ფილმში ასე არ ხდება. გადასაღებ მოედანზე ბევრი ხალხი გიყურებს და როლში ღრმად ვერ შედიხარ. იმ ნაჭუჭში ვერ ჯდები, რომელშიც გინდა.
გარდა ამისა, თეატრში ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ერთობლივი ძალებით და ერთმანეთის მხარში დგომით გაგვაქვს თავი. როგორც დიდი ოჯახის წევრები, ისე ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ამ თეატრის უფროსმა თაობამ გამზარდა, და რომ დავბრუნდი, საკუთარი შვილივით მიმიღეს. დიდ პატივს ვცემ მათ და ყოველთვის მადლობას ვეტყვი, რომ თეატრი დღემდე მოიტანეს.
-ახლა რაზე მუშაობ?
– ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დგამს სპექტაკლს ფრანგული პიესის „დამსჯელი ნომერი 14“-ის მიხედვით. ამ პიესაზე ვმუშაობ, თუმცა ტრავმის გამო, გრაკვეული პერიოდი რეპეტიციებზე ვერ მივალ.

მზევინარ ხუციშვილი

11014769_813499375365783_1351445454_n

11016607_813499382032449_578177554_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები