შსს-ს პრესსამსახური პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის საბაჟოზე დაკავების ვიდემასალას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ნინო გიორგობიანი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა.
გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამაზ დევაძის დაკავების ვიდეომასალასაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება საპასპორტო კონტროლის გავლისას მოხდა.
„განსხვავებულ აქცენტებში“ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა, არის სრული სიცრუე და დაუსაბუთებელ ჭორებზე აგებული ტყუილი, რომელიც მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციას ემსახურება. ეს რომ ასეა, ძალიან მარტივად შეგვიძლია საზოგადოებას ვაჩვენოთ, გადაცემის ავტორებს კი სიმართლის დადგენა რომ ნდომოდათ, მინიმუმ კითხვით მაინც მოგვმართავდნენ შსს-ს, თუმცა ამ შემთხვევაში მათთვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება, ალბათ, მომგებიანი არ იქნებოდა.
გადაცემის ავტორი ამბობს, რომ დევაძე მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბათუმიდან სარფში ჩავიდა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა, იმიტომ, რომ მისი დაკავების ნება არ არსებობდა. ჩვენ გთავაზობთ სარფში ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ იმ კადრებს და შესაბამის დოკუმენტს სადაც საპირისპირო მტკიცდება.
სინამდვილეში, 27 დეკემბერს, ბათუმის კლუბში მომხდარიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ სავარაუდოდ იყო ცნობილი რომ თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა რამაზ დევაძემ მიაყენა, რადგან მისი ძებნილად გამოცხადების ოფიციალურ პროცედურას დრო დაჭირდებოდა და ამ დროს კი შეიძლებოდა მას უკვე ქვეყნის დატოვებაც მოესწრო, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსს ტელეფონით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ დევაძე საქართველოს დატოვებას დააპირებდა, შეეჩერებინა. როგორც მერე გაირკვა, დევაძე სარფში დაახლოებით 15 წუთში ჩავიდა. ზუსტად იმ დროს როცა ცვლის უფროსს ტელეფონით ინფორმაციას აწვდიდნენ, დევაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის საპასპორტო კონტროლის რიგში დადგა. ამ დროს კი ის ცვლის უფროსმა დააფიქსირა, ოპერატიულად მივიდა მესაზღვრე-კონტროლიორთან, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე დევაძეს პასპორტი გამოართვა და მისი შემოწმება „საპასპორტო რიდერზე“ დაიწყო. ცვლის უფროსმა კონტროლიორს მაშინვე მისცა მითითება რომ დევაძე შეეყოვნებინა, შემდეგ კი საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა, თვითონ კი ჯიხურიდან გამოვიდა და უკვე პატრულ-ინსპექტორთან ერთად დაბრუნდა. კადრებში კარგად ჩანს როგორ მიდის ის დევაძესთან და შემდეგ დარბაზიდან გაყავს. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ დევაძის შეჩერება და შემდგომ დაკავება არა საზღვრის გადაკვეთის შემდგომ ან ნეიტრალურ ზონაში, როგორც ეს გადაცემაში ითქვა, არამედ საპასპორტო კონტროლის გავლისას მოხდა.
რაც შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ამონაწერს, ჟურნალისტებს რომ ნდომოდათ რეალობის ჩვენება მაყურებლებისთვის იმასაც აჩვენებდნენ, რომ ამ დოკუმენტის შესაბამის გრაფაში მითითებულია რომ დევაძეს 2014 წლის 27 დეკემბერს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა. ამის დასადასტურებლადაც გთავაზობთ დოკუმენტს.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული დევაძე პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე და ოპერატიულად დააკავეს, ისე რომ მან ვერ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა კი არა, ფეხის გადადგმაც კი საზღვრის იქით. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
გადაცემაში მოყვანილი სხვა დანარჩენი ინფორმაციებიც ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის ასევე გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს.კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული არცერთი ინფორმაციის სისწორე გადაცემის ავტორს სამინისტროში არ გადაუმოწმებია.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული რამაზ დ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

10966862_10152740091569779_169391696_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები