“ჩემთვის უტყუარი არგუმენტია FBI-ის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ გარდაცვლილები ვერ მოიწამლებოდნენ გაზით“
ბიზნესმენი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი ლევან ვასაძე ექსპრემიერის და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა. როგორც ვასაძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, მას ამის თქმის მთავარ საფუძველს FBI-ის დასკვნა აძლევს, სადაც წერია, რომ ჟვანია და უსუპოვი ბუნებრივი აირის გაჟონვით შედეგად ვერ გარდაიცვლებოდნენ.
“თავიდანვე ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდა ამ ამბის გარშემო, მე არ ვარ გამომძებელი და პროფესიონალი ამ სფეროში, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს ჟურნალისტური გამოძიება-ფილმი, რომელიც ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ მოამზადა, ძალიან დამაჯერებლად მომეჩვენა მე იმ ფილმის ძირითადი თეზისები. ძალიან საეჭვო იყო ჩემთვის დილის შვიდ საათზე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის “გამოვარდნა“ და თავდაჯერებით თქმა იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. როცა ასეთ, რეგიონში, ასეთ ქვეყანაში პრემიერი იღუპება, მაშინ როცა ცხედარი გაციებული არ არის, რატომ უნდა გამოხვიდე და თქვა, რომ “100%-ით ვიცით, რომ უბედური შემთხვევაა“ და რატომ არ უნდა დაელოდო გამოძების შედეგებს?! რაც მთავარია, ჩემთვის უტყუარი არგუმენტი არის FBI-ის დასკვნა, რომელშიც შავით თეთრზე დაიწერა, რომ გარდაცვლილები ვერ მოიწამლებოდნენ გაზით, როგორც მახსოვს, მაშინ ეს დასკვნა პირიქით გადმოთქრგმნა ჩვენმა მხარემ, მაგრამ ვიცით, რომ ამერიკელების ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იმ ბინაში ეს ხალხი გაზის გაჟონვით ვერ დაიღუპებოდა-ამით ყველაფერი ნათქვმია“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის მთავრობამ, “დაიხია“ ყველაფერი და თქვა, რომ ჟვანია არის უბედური შემთხვევით დაღუპული.
“ალბათ ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ამ ვერსიის პედალირება ამდენი ხნის განმავლობაში აწყობდა იმ მხარეს, რომელმაც ის მოკლა. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავიდან ბოლომდე, ბოდიში ჟარგონისთვის და დაიხიეს ყველაფერი და თქვეს, რომ ზურა არის უბედური შემთხვევით დაღუპული და თუკი დამტკიცდება, რომ ის მოკლულია, ავტომატურად ჩრდილი მიადგება იმ ხალხს, ვინც ამ ვერსიას იცავდა თავიდან ბოლომდე”, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.