გოგლა ჟვანიას თქმით, საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში გარდაცვლილების არცერთი ანაბეჭდი არ არის
ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას თქმით, არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი საბურთალოს #53-ში მდებარე ბინაში გარდაიცვალნენ.
როგორც გოგლა ჟვანიამ “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ბინაში არ არის ანაბეჭდები, რომლებიც დაადასტურებს, რომ იქ ხანგრძლივი დროით ვინმე იმყოფებოდა.
მისვე თქმით, ამ გარემოებებთან ერთად იმას, რომ რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის ცხედრები საბურთალოზე მდებარე ბინაში მიიტანეს, მოწმეების ჩვენებებიც ადასტურებს.
“იქ ადამიანების ყოფნის არანაირი კვალი დაფიქსირებული არ არის. ადამიანები როდესაც ბინაში იმყოფებიან, მითუმეტეს დიდი ხნის განმავლობაში, კვალს ტოვებენ – ეს არის ანაბეჭდები და დნმ-ის კვალი სხვადასხვა ნივთებზე, გარდაცვლილების არცერთი ანაბეჭდი არ არის ბინაში. რაც შეეხება დნმ-ის კვალს, რაულ იუსუპოვის კვალი მგონი ერთ ნივთზე შეიძლება იყოს დაფიქსირებული, ზურასი არის ჭიქაზე და ერთადერთ ღერ სიგარეტზე. დამერწმუნებით, რომ ერთი ღერი სიგარეტის მიტანა არ იქნებოდა ძნელი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იქ მიიტანეს სასმელები, ძეხვეული – დადასტურებულია, რომ ეს ყველაფერი მიტანილია.
რაც შეეხება ჭიქას, იმ ჭიქაზე სახლის პატრონი ამბობს, რომ მას არ ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, ეს ჭიქაც მიტანილია. ადგილზეც რომ ყოფილიყო ეს ჭიქა, მასზე გარდაცვლილი ადამიანებისგან დნმ-ის გადატანა არ იქნეობდა დიდი სირთულე, შესაძლებელია ბამბით აიღო ნერწყვი და ჭიქას წაესვათ“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ პატიმრის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი კახეთში, თელავის რაიონში არიან მოკლულები.