საია სკოლებში სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის პროექტს იწყებს
ამ მიზნით, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის – “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” პრეზენტაცია გამართა.
როგორც საიაში აცხადებენ, პროექტის მთავარი მიზანია სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათთვის სამართლებრივი განათლების მიწოდება ინტენსიური ტრენინგების გზით.
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყრება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გრძელვადიანი მომზადების სისტემურ პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოცემული დისციპლინის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, აღნიშნული კი – სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს.
ფონდის პარტნიორები პროექტის განხორციელებაში არიან მასწავლებლის სახლი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სამართლის კლინიკა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებსა და ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაცემად.