დავით ნარმანია ბიზნესმენებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ბიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრა, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისათვის აქტუალურ საკითხებს. კერძოდ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობასა და არქიტექტურასთან, ზონირებასთან, ქალაქგეგმარებასთან, ადგილობრივ მოსაკრებლებთან და ნებართვებთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. თბილისის მერმა და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა ბიზნესმენების შეკითხვებს უპასუხეს და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და ბიზნესის საჭიროებების შესახებ.
როგორც შეხვედრის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ბიზნესმენებთან ერთად იმსჯელეს ყველა აქტუალურ საკითხზე, ასევე იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც ბიზნესსექტორი ახორციელებს. მისი თქმით, ბიზნესექტორის მხრიდან მთავარი მოთხოვნა ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
“ბიზნესთან დაკავშირებული კონსულტაციები ჩვენთან ერთ სივრცეში იქნება და ამისთვის უკვე არსებობს ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისგან შედგება და ბიზნესს უწევს კონსულტაციას. რამდენიმე დღის წინ დავნერგეთ და ვხვეწთ მოდელს, ეს არის „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. კერძოდ, ბიზნესის მხრიდან შემოსული პროექტი მხოლოდ ერთ სამსახურში გაივლის და ბიზნესს შიდა პროცედურებს ეს სამსახური მოუწესრიგებს, რათა მას სხვადასხვა სამსახურში არ მოუწიოს ამ პროცედურების გავლა და გაუმარტივდეს დედაქალაქის მერიასთან ურთიერთობა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მაქსიმალურად დაუდგება ბიზნესს გვერდში იმისათვის, რომ ბიზნესმა საქმე აკეთოს, დაასაქმოს ადამიანები, გადაიხადოს გადასახადები და ამით ხელი შეუწყოს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელობამ და ბიზნესმენებმა დღევანდელი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს თბილისის მერს და შეხვედრაზე დამსწრე დედაქალაქის მთავრობის წევრებს. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა 2-3 თვეში გაიმართება.