„ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში შეიძლება რაღაცის გაკეთება, თუ ძალიან გინდა და გიყვარს…“
„ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვიყავი, რომ მხატვარი მინდოდა გავმხდარიყავი. როცა მივხვდი, უკვე დაგვიანებული იყო, სამხატვრო აკადემიისთვის მომზადებას ვერ ვასწრებდი. ამიტომ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და არ ვნანობ. საინტერესო პროფესიაა. მართალია, მე პრაქტიკოსი არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. პარალელურად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერწერის ფაკულტეტიც დავამთავრე. ახლა, არქიტექტურის ფაკულტეტზე, არქიტექტურის კომპოზიციას ვასწავლი…“ – გალერეისტი ვანდა მუჯირი.
– როგორ გაჩნდა გალერეის გახსნის ინტერესი?
– გალერეის გახსნა, ცოტა გაუცნობიერებლად მოხდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ყველაფერს რაღაცისკენ მიყავხარ.
ჩემი ძმა და მეუღლე კოლექციონერები არიან და 1993 წელს ჩამოაყალიბეს „კოლექციონერთა კლუბი“. ეს არის 90-იანი წლების უმძიმესი პერიოდი, როცა ქვეყანაში არაფერი არ ხდებოდა, ყველა ცდილობდა რაღაც ბიზნესის დაწყებას. მათ გადაწყვიტეს, რომ „ქარვასლის“ სარდაფში მშრალი ხიდის კოლექციონერები მოეზიდათ. ერთი ოფისი აიღეს, გაარემონტეს და ჩამოაყალიბეს კლუბი, რომელსაც „ჰობი“ დაარქვეს. შენობის მესამე სართულზე დიდი საგამოფენო სივრცე ცარიელი და ჩაკეტილი იყო. დაგვებადა იდეა, რომ გამოფენა მოგვეწყო. გამოფენას „მამები და შვილები“ ერქვა. ყველა თაობის მხატვრები იყვნენ წარმოდგენილნი. რამდენიმე ჩემი ნამუშევარიც გამოვფინე. კარგი გამოფენა გამოვიდა. ძალიან მომეწონა თვითონ ორგანიზების პროცესი.
გარდა ამისა, ჩემი ოცნება იყო, რომ გარშემორტყმული ვყოფილიყავი მხატვრებით და, ზოგადად, ხელოვანებით. მხატვრებთან ურთიერთობა დიდ სტიმულს და გამოფენების ორგანიზება სიამოვნებას მანიჭებდა. ამასთან, იმ დროს, საქართველოში მხოლოდ ერთი გალერეა „ორიენტი“, ახლანდელი „ბაია“ გალერეა არსებობდა. 1994 წელს მე და ჩემმა ძმამ დავაარსეთ გალერეა „ჰობი“.
ბევრი ჩემი ახლობელი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს გატაცებას. ფიქრობდნენ, რომ მე ჩემი გულის ჭიას ვახარებდი და ვერთობოდი. მაგრამ, ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ფინანსური მოგება მექნებოდა თუ არა, ვგრძნობდი და ვფიქრობდი რომ ეს საქმე პერსპექტიული იყო, რადგან მთელს მსოფლიოში აღიარებული და საინტერესო საქმიანობაა. უბრალოდ, იმ წლებში რთული იყო ამ საქმის დაწყება, მაგრამ უკვე 20 შეუსრულდა გალერეას, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგით და კარგად ვაკეთებთ ამ საქმეს.
– რამდენიმე წლის წინ გალერეამ შეიცვალა სახელი…
– 17 წელი გალერეას ერქვა „ჰობი“. ჩვენ ვიყავით პირველი კერძო გალერეა, რომელმაც საზღვარგარეთ ქართული ხელოვნება გაიტანა. 1995 წელს ჩვენი გალერეა ანკარაში საერთაშორისო ხელოვნების ფორუმზე მიიწვიეს, სადაც მონაწილე ქვეყნებს შორის კონკურსი ჩატარდა და პირველ ადგილზე გავედით. მივიღეთ არაჩვეულებრივი პრიზი, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას, ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე უფასოდ მიგვეღო მონაწილეობა. საკმაოდ დიდმა აუდიტორიამ გალერეა ამ სახელწოდებით გაიცნო და მისი შეცვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა. ამასთან, ეს საქმე, როგორც ჰობი ისე დაიწყო და სახელწოდების მიმართ არც პროტესტრი მქონია.
„ქარვასლის“ შემდეგ, 15 წელი ლიტერატურის მუზეუმში ვიყავით. მივხვდი, რომ ამდენი წელი იჯარით არსებობა ძალიან რთული იყო. გადავწყვიტე საკუთარი ფართი შემეძინა. 2006 წელს ჭონქაძეზე აღმოვაჩინე, ძველი სასურსათო მაღაზიის ფართი. 5 წელი ვარემოტებდი და 2011 წელს გავხსენით. მაშინ, მივხვდი, რომ გალერეა ახალ ცხოვრებას იწყებდა, სახელწოდება „ჰობი“ კი არ ასახავდა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც გამოფენაზე მოდიოდნენ, ამბობდნენ, რომ მოდიოდნენ ვანდასთან და არა გალერეა „ჰობიში“. არ მინდოდა გალერეისთვის ჩემი სახელის დარქმევა, მაგრამ სუფთა მარკეტინგული სვლაც იყო. ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ გალერეამ სოლოლაკის ეს ულამაზესი, მიტოვებული ქუჩა გამოაცოცხლა.
– რით განსხვავდება გალერეა „ვანდა“ სხვა გალერეებისგან?
– იცი, რა არის, დღეს ანტიკვარიატის მაღაზიებსაც და სალონებსაც გალერეებს უწოდებენ, რაც არასწორია. გალერეა კიდევ სხვა რამეს ნიშნავს. გალერეა, პირველ რიგში, გულისხმობს ხელოვნების პოპულარიზაციას, მხატვრების პიარს, სერიოზული გამოფენების მოწყობას. გალერეამ შეიძლება ძალიან ხშირად ენთუზიამზე იმუშაოს, რასაც დიდი დრო, მოთმინების უნარი და სიყვარული სჭირდება.
ჩვენმა გალერეამ ბევრი მხატვრის პოპულარიზაციაში შეიტანა წვლილი. ბევრი მხატვარი, რომელმაც 90-იან წლებში ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო, დღეს ძალიან ცნობილია. ეს დიდი სიამოვნება და სიამაყეა გალერეისთვისაც და ჩემთვისაც. მიხარია, რომ მე თავიდანვე დავინახე იმ ახალგაზრდა მხატვარში ის მარცვალი, რომელიც გაღვივდა და წარმატებად იქცა. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერსო პროცესი ჩვენს საქმიანობაში. თუ ეს ინტუიცია არ გაქვს, მაშინ არც უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ კარგი გალერეისტი ხარ. მე შეიძლება ისიც მეხმარება, რომ მხატვარი ვარ და ვიცი განცდა მხატვრის, როცა რაღაცას ქმნის. არ ვუყურებ ნამუშევრებს, როგორც პროდუქტს, უნდა იგრძნო, შიგნით რა დევს.
– რას იტყვით საზოგადოებაზე? ხალხი გამოფენებზე მოდის?
– საზოგადოების მხრიდან ნამდვილად დიდი ინტერესია. მე არ მახსოვს გამოფენა, რომელზეც ხალხი არ მოსულიყო. ყოველთვის ანშლაგი გვაქვს. შეიძლება ერთი-ორი გამოფენა იყო, როდესაც უბრალოდ, გალერეა დავუთმეთ და ჩვენი ორგანიზებული არ იყო. საშინელი გრძნობაა, როცა წვალობ, აკეთებ და ხალხი არ მოდის. ყოველთვის ვცდილობ, საინტერესო გამოფენები შევთავაზო საზოგადოებას და ხან იმდენი ხალხი მოდის, ჭონქაძის ქუჩა იკეტება.
– გალერეაში მუდმივი ექსპოზიცია გაქვთ, მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, რომელი მხატვრების მიმართ არის ინტერესი?
– გალერეაში ორსართულიანი სივრცე გვაქვს. პირველ სართულზე ყოველთვის იცვლება პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენებით. მეორე საგამოფენო სივრცე შოურუმივით არის, სადაც სხვადასხვა მხატვრების ექსპოზიცია გვაქვს წარმოდგენილი. იმ მხატვრების, რომლებთანაც მე წლების განმავლობაში ვთანამშრომლობ. ძალიან რთულია თქვა, რა უფრო იყიდება. ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს. მე ვცდილობ, ყველანაირი ნამუშევარი მქონდეს, მაგრამ ხარისხი დაცული უნდა იყოს და მხატვრის დონე იგრძნობოდეს. ბოლო წლებში მოდაშია მეოცე საუკუნის დასაწყისის მხატვრები. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც თანამედროვე მხატვრები აინტერესებთ და ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებიც დადიან მსოფლიოს ქვეყნების გალერეებში, სხვანაირი ხედვა და პრიორიტებები აქვთ. რაც მე ძალიან მახარებს. ერთი პერიოდი აბსტრაქციის და თანამედროვე ხელოვნების მიმართ ინტერესი საერთოდ არ იყო.
– არტბიზნესი საქართველოში…
– არტბიზნესი საქართველოში არსებობს, მაგრამ განვითარება სჭირდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ არტბიზნესის არსებობა საქართველოში, ჩვენი, კერძო გალერეების დამსახურებაა. სამწუხაროდ, არავის არ ახსოვს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში არაფერი არ ხდებოდა, მხატვრები შიმშილით შეიძლება დაღუპულიყვნენ, არ არსებობდა საგამოფენო სივრცე, იმ რთულ წლებში, ჩვენ დავიწყეთ მხატვრების გვერდში დგომა, მათი პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ გამოფენებზე მათი ნამუშევრების გატანა-გაყიდვა, საიდანაც საარსებო მინიმუმი ჩამოგვქონდა მხატვრებისთვის. რთული მისია ვიკისრეთ და ძალიან ბევრი მხატვარი აქამდე ჩვენ მოვიყვანეთ. სამწუხაროდ, სახვითი ხელოვნება ყოველთვის მეასეხარისხოვანი იყო და დღემდე ასე რჩება.
საქართველოში ყოველთვის რთული იყო რაღაცების კეთება და იმაზე რთული წლები ვერც წარმომიდგენია, როცა ჩვენ დავიწყეთ. აბსოლუტურად ნოლიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ და შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში შეიძლება რაღაცის გაკეთება, თუ ძალიან გინდა და გიყვარს. ამ წლების განმავლობაში ბევრი გალერეა შეიქმნა და დაიხურა. შორიდან რომ უყურებ, ადვილი გგონია გალერეისტის მუშაობა, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინება და ძალისხმევა სჭირდება. უნდა შეგეძლოს მხატვრებთან ურთიერთობა და მათი ნდობის მოპოვება, მართალი და გულწრფელი უნდა იყო მათთან. მერე უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობა, მხოლოდ ნამუშევრის გაყიდვაზე არ უნდა იყო ორიენტირებული.
– მედიის როლი არტბიზნესის განვითარებაში…
– რა თქმა უნდა, მედია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს. ეს ერთადერთი საშუალებაა, მიაწვდინო ხმა საზოგადოებას. ადრე პრესა უფრო აქტიურად მუშაობდა, იწერებოდა კრიტიკული წერილებიც, სამი – ოთხი წელია, სამწუხაროდ, არავინ არაფერს წერს. ვერ გეტყვით, რისი ბრალია, სხვა პრიორიტეტები აქვთ, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, შეიძლება ეშინიათ, რადგან არ იცნობენ საკითხს. თუმცა, წლების განმავლობაში ვგრძნობდი პრესის მხარდაჭერას. ძალიან კარგად მახსოვს 1994 წელს „ქარვასლაში“ გამართული საშობაო გამოფენა. 800 ნამუშევარი გამოიფინა. გამოფენა მზად გვქონდა, რომ შუქი გამოირთო. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ძლივს ვიშოვეთ სანთლებიც კი და ყველა ნამუშევარს ანთებული სანთელი დავუდგით. მეორე დღეს დაიწერა გაზეთებში, რომ გალერეა „ჰობიმ“ გამოფენა სანთლის შუქზე გახსნა და საშობაო განწყობა შექმნაო. ეს დიდი რეკლამა იყო ჩვენთვის.
– რჩეული მხატვრები გყავთ?
– ყველა მხატვარი, ვისთანაც 20 წელია ვთანამშრომლობ, ჩემთვის რჩეულია. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, რომ დავიწყო, შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი.
– ახლა ხატავთ? გრჩებათ დრო მუშაობისთვის?
– სამწუხაროდ, რამდენიმე წელია ვეღარ ვხატავ და გული მწყდება. მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოდესმე დავუბრუნდები. გალერეაში ყოფნის დროს მინანქრის კეთება დავიწყე, რომ კავშირი არ გამეწყვიტა. რამდენიმე წელი აქტიურად და წარმატებით ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ფიზიკურად ვერ ვახერხებ. მთლიანად გალერეით ვარ დაკავებული, რომ თავისი დონე შეინარჩუნოს.
მზევინარ ხუციშვილი