ჟვანიას ყოფილი დაცვის წევრი: დაცვის წევრებს პრემიერი არ უნდა მიეტოვებინათ
ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრის კახა გოჩაშვილის განცხადებით, დაცვის წევრებს არ ჰქონდათ უფლება, პრემიერის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი, იგი მიეტოვებინათ.
„არსებობს კანონი სამთავრობო დაცვის შესახებ. ამასთან, არიან იურისტები. შესაბამისად, ეს დეტალი მათ უნდა ჰკითხოთ. ჩემი აზრით, დაცვის წევრებს პრემიერი არ უნდა მიეტოვებინათ,“ – განაცხადა კახა გოჩაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში.
გოჩაშვილმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მას პრემიერთან არატრადიციული ცხოვრების წესის გამო კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. 9 წელი დაცვის უფროსად ვიმუშავე. მასთან შეთანხმების შედეგად ლიახვის ხეობაში დეპუტატად ვიყარე კენჭი „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, შემდეგ სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე. ბოლოს კი, ზურაბის რჩევით ვიყავი ცხინვალის რეგიონში. არ ვიცი, რატომ დასჭირდა იმ ადამიანს ასეთი რამის თქმა“, – განაცხადა კახა გოჩაშვილმა.
ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობრებმა, პარტიულმა თანამეგობრებმა და დაცვის ყოფილმა წევრებმა დღეს მიმართვა გავრცელეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ის, რაც ხდება ზურაბ ჟვანიას სახელის ირგვლივ, სრულიად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელია არა მარტო მათთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის.