„ალასანია თანამდებობებზე დანიშნულ ნათესავ-მეგობრებს დღემდე მფარველობს“
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ უწყებაში თანამდებობებზე დანიშნული ნათესავ-მეგობრების ვრცელ სიას გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს და წერს, რომ ახალ ხელისუფლებაში კეზერაშვილის გარემოცვის “პორტირებაზე” ჯერ კიდევ ე.წ. კაბელების საქმემდე “გასკდა“.
გამოცემის ინფორმაციით სტატიაში “კეზერაშვილის ბიჭების პორტირება ახალ ხელისუფლებაში” დატერორებული ბიზნესმენი პაატა კაჭარავა, რომელსაც ქონება ჩამოართვეს, ღიად აცხადებდა, რომ ადამიანი, რომელიც 2006 წელს მის საქმეს იძიებდა, დღეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსია და მას ირაკლი ალასანია მფარველობს.
როგორც “ვერსია“ წერს, იმის გამო, რომ პუბლიკაცია იქ, ზემოთ, ყურს იქით გაატარეს, სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურები კი მინისტრის სანათესაოსა და საძმაკაცოს საძოვრად იქცა.
“სანამ “თავისუფალი დემოკრატები” ჩვენს განცხადებასაც არაკვალიფიციურს უწოდებდნენ, ისარგებლებთ ალასანიასა და მისი კოალიციის მიერ 2012 წლის არჩევნების შედეგად მიღებული თავისუფლებითა და ნანატრი დემოკრატიით, ღრმად ამოვისუნთქებთ და რამდენიმე ფაქტს კიდევ შემოგთავაზებთ, რომელიც ინტერნეტ და ბეჭდვურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე მოვიძიეთ: ირაკლი ალასანიას მეგობარი, დავით როგავა (რომელიც ერეკლე კოდუას ყოფილი მოადგილე გახლდათ) 2014 წელს ალასანიამ დაზვერვის დეპარტამენტში, ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშნა. მინისტრმა არც ნათელმირონობა დაივიწყა და ნათლიის, დავით ნარსიას და – ელისო ნარსია თავდაცვის სამინისტროში დაასაქმა. ამბობდნენ, რომ ალასანიას ინტერესებს მისი ბიძაშვილი, ნიკოლოზ ანდღულაძე ატარებდა და სწორედ ანდღულაძის ძმაკაცი გახლდათ ჩვენი ნაცნობი კოტე ყიფიანი (დავით კეზერაშვილი გარემოცვის წევრი), რომელიც 2013 წელს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. ასევე ანდღულაძის ძმაკაცს, გიორგი როგავას 2013 წელს კომპანია “ქართული კვების” დირექტორის პოსტი ჩააბარა, ხოლო მოადგილედ ცოლის მეჯვარე, ეკა ხურციძე დაუნიშნა.
ისე, ინფორმაციისთვის, “ქართულ კვებას” ჩვენი ჯარისკაცების გამოკვება ავალია, თუმცა ისევ ანდღულაძის სამეგობროს დავუბრუნდეთ და აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თებერვლიდან კომპანიას კონტრაქტი შეუწყდება და მას, სავარაუდოდ, სხვა კომპანია ჩაანაცვლებს… კიდევ ერთი მიზეზი თავდასხმისა! ნიკოლოზ ანდღულაძის კიდევ ერთი ძმაკაცი, გიზო ღლონტი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა (შეგახსენებთ, რომ ღლონტი ამჟამად ე.წ. კაბელების საქმეზეა დაკავებული). ასევე ანდღულაძის თხოვნით, თავდაცვის სამინისტროს სატენდერო სამსახურებში და შესყიდვების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ ანდღულაძის მეგობრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ პირადად მის თხოვნებს და, პირდაპირი შესყიდვის წესით, კონკრეტულ ფირმებთან დებდნენ ხელშეკრულებებს. ისიც სათქმელია, რომ კომპანია “ქართული კვება”- ს დირექტორი გიორგი როგავა კონკრეტული პროდუქტების შესაძენად ტენდერებში სისტემატიურად ითვალისწინებდა ანდღულაძის ინტერესებს. ამბობენ, რომ ბატონი ირაკლის ხელშეწყობით, ალასანიას ნათლიის, დავით ნარსიას ერთ-ერთმა მეგობარმა 2013 წელს მოიგო “ლიმონათის” ტენდერი სამხედრო ბაზებზე”, – წერს გამოცემა.
“ვერსიის” ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ არც ახლო მეგობრები დაივიწყდა.
როგორც გამოცემა წერს, ბავშვობის ძმაკაცი – გიორგი არაბიძე 2013 წელს დანიშნა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს უფროსად, ხოლო ასევე ბავშვობის ძმაკაცი გიორგი ხომასურიძე იმავე 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად მიავლინა.
“ექსმინისტრის პირადი დაცვის წევრები არასოდეს მალავდნენ, რომ დასაცავ ობიექტთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და არც არავის გაკვირვებია, როცა პირადი დაცვის ყოფილი უფროსი კახაბერ ჩიხრაძე 2013 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ასევე არავის გაკვირვებია კიდევ ერთი დაცვის ყოფილი წევრის, დიმიტრი კიკნაძის დანიშვნა თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსად. ალასანიამ არც თანაშემწეები დატოვა უყურადღებოდ და ირაკლი მამფორია 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დააწინაურა. ისე როგორ იქნებოდა, პარტიული ნიშნით დაჩაგრულიყო ვინმე – პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი არჩილ ჭანტურია, 2012 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. მოგვიანებით, ჭანტურია თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაბარგდა. პარტიისავე რეგიონული სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ჩიქოვანი 2013 წელს ეროვნულ გვარდიაში ერთ-ერთ თანამდებობაზე დანიშნა. “თავისუფალი დემოკრატების” ოფისის მენეჯერმა ქეთი ერისთავმა 2013 წელს სამხედრო პოლიციაში მთავარ სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, ხოლო პარტიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამშრომელმა შმაგი კოპაძემ პარტიული საქმიანობიდან 2012 წელს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. ბატონ ირაკლის არც ახალგაზრდების დაწინაურება დავიწყებია და პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტიური წევრი გიორგი ხურციძე კომპანია “ქართულ კვებაში” დაასაქმა. სხვათა შორის, როცა ვინმე სანდრო ქირია 2014 წელს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსად დანიშნა, ყველას გაუკვირდა, უცხო კაცი იქ საიდან მოხვდაო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბატონი სანდრო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ძმა გახლავთ და, უბრალოდ, დედის გვარზეა”, – წერს გამოცემა.