ეკა ბესელია კოლეგებს ურჩევს, ერთმანეთს ტელეკამერებით და საჯაროდ არ ესაუბრონ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია დავით საგანელიძესთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის საკითხების განხილვა დახურულ ფორმატში უნდა მოხდეს. იგი კოლეგებს ურჩევს, ერთმანეთს ტელეკამერებით და საჯაროდ არ ესაუბრონ. “მესმის, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენი შიდა სამუშაო, ყოველდღიური დღის წესრიგი ეს არის დახრული ფორმატი. ფრაქცია საუბრობს ყველა იმ მიმდინარე საკითხზე, რომელზეც გადაწყვეტილებას შემდეგ საპარლამენტო სესიის პროცესში ვიღებთ. მექნებოდა ერთი ძალიან მოკრძალებული და ვფიქრობ, აუცილებელი თხოვნა, რაც კოლეგებს და თანაგუნდელებს მინდა ვუთხრა – ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ ტელეკამერებით და საჯაროდ. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ”, -აღნიშნა ბესელიამ. უმრავლესობის 19 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის იმ კრიტერიუმს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პირი უნდა იყოს. როგორც უმრავლესობის წევრების ნაწილი აცხადებს, კრიტერიუმები უმრავლესობასთან შეჯერებული და შეთანხმებული არ ყოფილა.