„ჩვენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ…“
მუსიკა, პოეზია, მსახიობობა – 15 წლის ლუკა მანაგაძის ცხოვრების აზრი და ინტერესია, რომლითაც საზოგადოების ინტერესი უკვე დაიმსახურა. „ასე მგონია, მუსიკისადმი ჩემს ინტერესს ასაკი არ აქვს. მე და მუსიკა ერთად დავიბადეთ. სიმღერა ბავშვობიდან მიყვარს, რაც ალბათ, ოჯახის დამსახურებაა. ჩემს ოჯახში ყველა მღერის. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია: სიყვარული, ცხოვრების წესი, ცხოვრების მიზანი. მუსიკასთან ერთად ვიძინებ და ვიღვიძებ“, – ამბობს ლუკა მანაგაძე.
ჯერ კიდევ, ძალიან პატარა პიანინოსთან ცდილობდა ოჯახის წევრების მოხიბვლას და არც შეცდა. „ძალიან ნიჭიერია, მალე სწავლობს და აღიქვამს მუსიკას. კარგი სმენა, დიდი ინტერესი აქვს და მოწადინებულია, ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ ხელი შევუწყო. მე ვამაყობ, რომ ასეთი კარგი შვილი მყავს“, – ამბობს ლუკას მამა, გიორგი მანაგაძე.
ლუკამ სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის ყურადღებაც მიიქცია. სწორედ, მათე ტაკიძის დახმარებით ლუკა გორიდან თბილისში გადმოვა საცხოვრებლად და კოლეჯში ისწავლის. „ლუკა საოცარი ნიჭის პატრონია და მას განვითარება სჭირდება. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ მან საკუთარი თავის დამკვიდრება შესძლოს საზოგადოებაში“, – ამბობს მათე ტაკიძე.
თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შესაბამისად.
პროფესიული განათლების მიზანია, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება, პროფესიული განვითარება და კარიერის შექმნა; კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდა შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად; საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღება და თვითრეაბილიტაცია.
„პროფესიული განათლებით ინტერესდებიან როგორც სტუდენტები, ასევე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, რომლებმაც შრომის ბაზრის ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიცვალეს მსოფლმხედველობა და ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობენ. 2007 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯის განვითარების სტრატეგიამაც ახალი მიმართულება მიიღო. „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“-სასწავლებლის პრიორიტეტი გახდა“, – ამბობს კოლეჯის დირექტორი.
უცხოელი პარტნიორების, კერძოდ, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით, პროფესიულმა სასწავლებელმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რაც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა, რომელთა უმრავლესობა ახლახან დაინერგა, მაგრამ უკვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის. ასევე წარმატებით განხორციელდა ნორვეგიის საგანმანათლებლო პროგრამა: „განათლება დემოკრატიისათვის“.
„სპექტრის“ საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ითვალისწინებს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. პროფესიათა უმრავლესობ,ა ძირითადად, ემსახურება სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას, რაც ნიშნავს, სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კვალიფიციური მუშახელის მომზადებას.
„ჩვენი სტუდენტები წარმატებით ეუფლებიან: კალატოზის, მებათქაშის, მეფილე–მომპირკეთებელის, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტის, მღებავის, შემდუღებლის, ელექტრიკოსის, დურგლის, გზების მშენებლობის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის, ხის მხატვრული დამუშავების, არქიტექტურული დეტალების მძერწავის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟის, ტოპოგრაფისტის, ელექტრული და ციფრული ტექნიკის შემკეთებლის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის, ავტომობილის ზეინკალისა და ძრავის შემკეთებლის პროფესიებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ტექნიკოსის, მებაღის, სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის, ინტერნეტტექნოლოგიების, ოფისმენეჯერისა და ბუღალტერიის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, მიიღოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება ან გადაემზადოს მოქნილი მოკლევადიანი ინტენსიური სწავლების მეთოდით და წარმატებით იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს როგორც თავის ქვეყანაში,ასევე მის ფარგლებს გარეთ, გახდეს კონკრუენტუნარიანი და მოტივირებული, დაგეგმოს თავისი მომავალი“, – ამბობს მათე ტაკიძე.
კოლეჯის მიზანია, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევა. ამჟამად, კოლეჯს რვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი ჰყავს.
„როდესაც ამ კოლეჯის შესახებ გავიგეთ, მე და მამა წავედით, რომ გაგვეგო იქ არსებული პირობები. კოლეჯის დირექტორი, ბატონი მათე ტაკიძე ძალიან კარგად შეგვხვდა, გაუხარდა ჩემი გაცნობა, გაგვაცნო იქ არსებული პირობები. როგორც გითხარით, სიმღერა მიყვარს და კომპიუტერის საშუალებით ვსწავლობ. ამიტომ, მინდა ვისწავლო კომპიუტერული პროგრამები. ამის იმედს კი არსებული კოლეჯი მაძლევს. ჩვენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ და აუცილებელია ჩემნაირი ადამიანების ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან, მეტ-ნაკლებად დასაქმებაც. ყველაფერი ღვთის ნებაა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის“, – ამბობს ლუკა მანაგაძე.
მზევინარ ხუციშვილი