აგრესია ტაქსის მძღოლების მხრიდან, გაზრდილი ტარიფები და მოუწესრიგებელი ავტომობილები – ვინ იცავს მგზავრის უფლებებს საქართველოში?
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვების სფერო არ რეგულირდება. ზუსტი ციფრი თუ რამდენი ტაქსი გადაადგილდება თბილისში, არ არსებობს. ფაქტობრივად, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა და ჰყავს ავტომობილი, შეუძლია შეიძინოს ტაქსის ტრაფარეტი და მგზავრებს მოემსახუროს.
ინდივიდუალური ტაქსის მძღოლების მსგავსად, თბილისში გაიზარდა ტაქსოკომპანიების რიცხვი, თუმცა კომპანიების უმეტესობაში არ გაზრდილა მომსახურების ხარისხი. შესაძლოა დედაქალაქში მოძრავ ინდივიდუალურ ტაქსის მძღოლებს ნაკლებად აღელვებდეთ ის, თუ რამდენად კმაყოფილი დარჩება მზგავრი მათი მომსახურებით, ტაქსოკომპანიების შემთხვევაში კი ეს მათი კომპანიის პრესტიჟის საკითხია.
ლოგიკა ერთია, ფაქტი მეორე – მოუწესრიგებელი ავტომობილები, ზოგიერთ შემთხვევაში მოუწესრიგებელი მძღოლებით, გამოძახების დაფიქსირებისას შეთანხმებული ტარიფის მძღოლების მხრიდან თვითნებურად გაზრდის შემთხვევები, უხეში დამოკიდებულება მგზავრის მიმართ… ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რომელთაც მგზავრები ტაქსოკომპანიებს უყენებენ.
ერთ-ერთი ტაქსოკომპანიის, კერძოდ “200-200“-ის ტაქსის მძღოლის მხრიდან ტარიფის თვითნებურად გაზრდაზე საუბრობს ერთ-ერთი მგზავრი. ის “კვირას“ საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა და განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანიის ტაქსის მძღოლმა დანიშნულების ადგილზე მიყვანის საფასური გაზარდა და მას იმაზე მეტი თანხის გადახდა მოსთხოვა, ვიდრე ოპერატორმა გამოძახებისას დაუსახელა. როგორც თეა ლობჟანიძემ „კვირას“ განუცხადა, აღნიშნული კომპანიის ტაქსის მძღოლებისგან ეს ტარიფის გაზრდის პირველი შემთხვევა არ არის.
„ხშირად ვსარგებლობ ტაქსის მომსახურებით, თუმცა ამ დრომდე ვერ ვიპოვე ისეთი კომპანია, სადაც მგზავრის უფლებები დაცულია. მათი მძღოლების მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს ტარიფის გაზრდას, აღარ ვსაუბრობ ჰიგიენურ ნორმებზე, გაუმართავ მანქანაზე და ძალიან უხეშ მძღოლებზე. შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ მათი ვალი გაქვს. ტარიფებს ზრდიან და როდესაც აპროტესტებ და ეუბნები, რომ მათ კომპანიაში დარეკავ, თანხას სახეში გესვრიან და გლანძღავენ. რაც მთავარია, ამას არავინ აკონტროლებს, მგზავრის შეურაცხყოფისთვის მძღოლებს პასუხს არ სთხოვენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შემდეგ, „200-200“-ის ოპერატორმა ტელეფონიც კი გამითიშა და ჩაილაპარაკა, რომ „ინტრიგანის ნერვები არ ჰქონდა“, – განაცხადა თეა ლობჟანიძემ.
რა კრიტერიუმებით აჰყავთ სამსახურში ტაქსოკომპანიებს მძღოლები, ხდება თუ არა ავტომობილების ტექნიკური შემოწმება, რა სიხშირით ხდება მანქანების რეცხვა და რატომ ზრდის თვითნებურად მძღოლების ნაწილი საწყის ტარიფს, – ამ კითხვებით “კვირამ“ რამდენიმე ტაქსოკომპანიას მიმართა.
კომპანია “200-200“-ის მენეჯერი, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, მათი კომპანიის მგზავრებს ურჩევს იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლი ტარიფს თვითნებურად გაზრდის, მძღოლთან კონფლიქტში არ შევიდეს და პატრული გამოიძახოს. თუმცა, მენეჯერს არ აქვს პასუხი, რა უნდა მოიმოქმედოს ადგილზე მისულმა პატრულმა.
რაც შეეხება ავტომობილების გამართულობის და სამსახურში მიღების საკითხს “200-200“-ში აცხადებენ, რომ მათ კომპანიაში მუშაობის მსურველებისთვის რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმი არ აქვთ. მოწმდება ავტომობილის მდგომარეობა და საჭიროა, მძღოლს ჰქონდეს მართვის მოწმობა. ტაქსოკომპანიების მძღოლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ხშირად შემოწმდება იმ ავტრომობილების ტექნიკური მდგომარეობა, რომლებიც დღის განმავლობაში ასეულობით მგზავრს ემსახურება.
“ეს ავტომობილები არ არიან ჩვენი კომპანიის საკუთრებაში, ჩვენ მძღოლებთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ხელშეკრულებების გაფორმებისას მოწმდება ავტომობილის მდგომარეობა, ასევე ის თუ რამდენად წესრიგშია შესაბამისი დოკუმენტაცია. მძღოლების პირად ჰიგიენას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მათ ევალებათ ავტომობილების გარეცხვა.
რაც შეეხება მძღოლის მიერ ტარიფის ოდენობის თვითნებურად ზრდას, ასეთი შემთხვევაში მგზავრებს ვურჩევ, დაურეკონ ოპერატორს და მძღოლის თანდასწრებით უთხრან, რომ თავდაპირველად სხვა ტარიფი იყო დასახელებული. თუ ესეც არ გაჭრის, კონფლიქტის ნაცვლად სჯობს მგზავრმა პატრული გამოიძახოს და ცივილიზებულად მოგვარდეს საკითხი. ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრები შეგნებულად ამბობენ, რომ A-დან- B-პუნქტამდე მიდიან, თუმცა გზაში ჩერდებიან C-პუნქტში, ამ შემთხვევაში მძღოლს აქვს უფლება ტარიფის მომატების“, – აცხადებს კომპანიის მენეჯერი.
კიდევ ერთ ტაქსოკომპანია “355 855“-ში ამტკიცებენ, რომ მათი ავტომობილები ყოველდღიურად ირეცხება, ხოლო სამ თვეში ერთხელ ტექნიკური გამართულობის მხრივ მოწმდება. მათი მტკიცებით, ტაქსის მძღოლი ტარიფის ფასს თვითნებურად ვერ გაზრდის, რადგან ტარიფის გამოცხადება ოპერატორის მიერ ტაქსიში მგზავრის ჩაჯდომისას მძღოლის თანდასწრებით ხდება. კომპანიის მენეჯერის მამუკა თეთრაშვილის თქმით, კომპანიის ხელძღვანელობის მიერ მგზავრის მხრიდან დასაბუთებული საჩივრის შემდეგ მძღოლის გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიუღია.
“კლიენტი ყოველთვის მართალია“ – გამართლებულია თუ არა ეს გამონათქვამი განხილვის საგანია, თუმცა მგზავრების არაერთი ბრალდების ფონზე, კომპანიების ხელძღვანელობის მიერ მათ სრულფასოვან სერვისზე საუბარი ნაადრევია.
ცნობისთვის, თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს. ამ თემას სატრანსპორტო სამსახური მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებს. დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე მერიაში არ საუბრობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით კონკრეტული მონახაზი არ აქვს. უცნობია ისიც, როდის დასრულდება საკითხზე მუშაობა.
როგორც „თბილისი სითი ტაქსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ლიცენზირების შემოღება საკმაოდ კარგი იდეაა, რადგან რთულია ტაქსისტის დატესტვა, იცის თუ არა უსაფრთხო მართვა, ეს ლიცენზია კი ამის კარგი გარანტია იქნება.