დავით შერაზადიშვილი: ეს ცენტრი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას შორის კულტურათა დიალოგს
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა – დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევითა და დაფინანსებით მოეწყო.
პარლამენტის წევრმა სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივებს განხორციელებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო თითოეულს ამ პროექტისთვის. მსგავსი სივრცის არსებობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე ცხოვრების დონის განვითარებას, რადგან იცით, რომ კულტურასთან ზიარება ამდიდრებს და ახალისებს ადამიანის ცხოვრებას.
ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით და ეს ცენტრი კიდევ ურო შეუწყობს ხელს ქართულ და აზერბაიჯანულ საზოგადოებას შორის კულტურათა დიალოგს.
ამ სივრცეში წარმოდგენილი ქართულ – აზერბაიჯანული ლიტერატურა უზრუნველყოფს ნდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთგაგების გამყარებას.“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
დავით შერაზადიშვილმა ცენტრს საჩუქრად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და დიდი ილია ჭავჭავაძის კრებული გადასცა.