ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტში იწვევს
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ვალერი ზუმბაძის მიერ თანამდებობის დატოვებას დადებითად აფასებს.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან უკვე მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს თხოვნით, რომ პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაიბარონ.
“სწორი არ იყო ის ნაბიჯი, როდესაც ეს ადამიანი, ვის მიმართაც მძიმე საკითხებთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, თანამდებობაზე დაინიშნა. უკვე მივმართე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მოვითხოვე, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, როგორ აპირებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. გადაწყვეტილება, რომელიც ზუმბაძემ მიიღო, ადეკვატურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაირკვეს, გამოძიებულ იქნას და საზოგადოებისთვის ერთხელ და სამუდამოდ თვალსაჩინო გახდეს გარკვეული საკითხის რეალური ასავალ-დასავალი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე არ ვარღვევ არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიიწვევენ.
“შევთანხმდით, რომ მოვიწვევთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც გააკეთებენ განმარტებებს ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზუმბაძემ დღეს განცხადება გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ვალერი ზუმბაძე ე.წ. ჯაშუშებისა და სხვა საქმეების გამყალბებელი და ფალსიფიკატორია”.
ზუმბაძე ბოლოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.