დავით ნარმანია მადრიდის მერს შეხვდა
ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია მადრიდის მერს, ანა ბოტელას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი სპორტისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდა. მადრიდს ორივე მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია და ამიტომაც, როგორც მადრიდის მერმა განაცხადა, ის მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ, როგორც ტურიზმისა და სპორტის, ისე ეკონომიკის, ქალაქგეგმარებისა და სხვა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უფრო დეტალურად იმუშავებენ.
ორი ქალაქის მერმა ასევე განიხილა ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხი და თბილისსა და მადრიდს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა.
დავით ნარმანიამ მადრიდის მერი საქართველოში ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად მიიპატიჟა.