„თავისუფალი თაობა“: გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ვაზაგაშვილის გარდაცვალების მსგავსი ტერაქტის განხორციელება იგეგმება

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში “თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა იური ვაზაგაშვილის აფეთქების ბრალდებით დაკავებულ გია სოსანაშვილზე და იმ პირებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ჩანერგილები და „დავერბოვკებული“ არიან.
სადღობელაშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშულო მითითებებს ასრულებენ.
„რა სურვილი შეიძლება გაუჩნდეს სააკაშვილს დღევანდელ ვითარებაში? მას გაუჩნდება სურვილი, რომ მოაწყოს არეულობა, მოაწყოს მსგავსი ტერაქტები, მოხდეს კრიმინალის გაზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის პირები, რომლებიც დათხოვნილები არიან სამართალდამცავი სტრუქტურებიდან და შემდეგ ჩამოაყალიბეს „სამართალდამცავთა ლიგა“, კავშირში იყვნენ კრიმინალებთან და მანიპულირებდნენ მათით, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდოს“,- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
სადღობელაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში იმ 18- კაციანი სიის შესახებაც ისაუბრა, რომლებიც, მისი განცხადებით, დღევანდელ ძალოვან სტრუქტურებში ჩანერგილები არიან. უფლებადამცველის თქმით, იური ვაზაგაშვილის მვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილი ამ სიიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა.
“თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, უახლოეს ხანებში კიდევ ერთი ტერაქტის განხორციელება იგეგმება.
„ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების მსგავსი ტერაქტის განხორციელება იგეგმება. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს თავისუფლებაში დარჩენილი ქადაგიძის, ჭაიას, გვაზავას და იმ 17 ადამიანის აქტივობებს, რომლებიც ჩვენს მიერ ნახსენებ სიაში არიან“,- განაცხადა სადღობელაშვილმა.
სადღობელაშვილის ინფორმაციით, გია სოსანაშვილს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მან ფულადი დაინტერესების გამო დანაშაული ჩაიდინა. 18 -კაციანი სიის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში „თავისუფალი თაობის“ კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ყუფარაძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას რეკომენდაციით არიან დანიშნულები, ზოგი მათგანი მისი ნათესავიც არის.
„მქონდა ინფორმაცია, რომ მოქმედი პოლიციელები აქტიურად თანამშრომლობდნენ „სამართალდამცავთა ლიგასთან“, რის შემდეგაც დავიწყე მოკვლევა, რომ გამერკვია, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ამ თვრამეტი კაცის გარდა დღეს ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრი ჩანერგილია. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას რეკომენდაციით არიან დანიშნულები, ზოგი მათგანი მისი ნათესავიც არის. ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანების ნაწილი თანამდებობაზე იმყოფება, ნაწილი კი პოლიციის ინსპექტორ- გამომძიებელია“,- განაცხადა გიორგი ყუფარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები