ეკა ბესელია: საზარელი დანაშაულის გახსნა მოკლე ეტაპზე მოხერხდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ ჯერ კიდევ ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მკვლელობის შემსრულებლის ვინაობის დადგენა და მისი დაკავება მოკლე დროში მოხდა, თავისთავად, გამოძიების სწორი მიმართულებით მიმდინარეობაზე მიუთითებს.
„დანაშაულის ჩადენა ხდება როგორც შემსრულებლის, ასევე ორგანიზატორის მიერ და შეიძლება იყვნენ სხვა პირები, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორად დაგეგმა საგამოძიებო მოქმედებები. საზარელი დანაშაულის გახსნა, რომელიც ჩანდა, რომ თითქოს შეუძლებელი იყო მოკლე ეტაპზე, მოხერხდა. ახლა უკვე იმდენი ფაქტობრივი გარემოებაა გამოვლენილი, რომ გაცილებით ადვილი იქნება სრულად შეიკრას წრე და სხვა კითხვებსაც პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი პროკურატურამ გუშინ დააკავა. საქართველოს პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა.
ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები