გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან იუნ იან მისთან (Youn Young Mi) შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაცია უმსხვილესი ორგანიზაციაა ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 8000 იმპორტიორ კომპანიას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოდან ექსპორტის ზრდას უდიდესი პოტენციალი აქვს, რადგან ამ დროისთვის საქართველოს მიმართ ცნობადობა საგრძნობლად არის გაზრდილი.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის საკითხებს და სხვა დასახელების ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშწეყობას, ასევე ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესსა და მიმდინარე ეტაპს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
სეულში გამართულ შეხვედრას, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში გამოფენას „Seoul Wine and Spirits Expo 2025” ესწრება და, ამასთან ერთად, შეხვედრებს მართავს კომერციული სექტორისა და მეღვინეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილება კორეის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხები.