“ეს შესანიშნავი კანონპროექტია, არანაირი კერძო ტელევიზიის შევიწროვება არ ხდება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა. ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს, რომ სარეკლამო დროის რეგულირება რომელიმე კონკრეტული ტელევიზიისთვის ზიანის მიყენების მცდელობას ნიშნავდეს. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ცვლილებები ტელეკომპანიებს თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვოლსკიმ “ხელოვნურად ატეხილი” აჟიოტაჟის გამო საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა.
„შესანიშნავი კანონპროექტია. ის არეგულირებს ტელევიზიების საქმიანობას სარეკლამო ბაზარზე და აბსოლუტურად შეესაბამება იმ ევრორეგულაციებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხან მოსწონს და ხან არა. ეს აჟიოტაჟი კონკრეტულ ტელევიზიასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად არის ატეხილი. სამართლიანი იყო ტელეკომპანიების პრეტენზიები სახელმწიფოს მიმართ, რომ წელიწადში 40 მილიონი ეძლევა დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამ 40 მილიონიდან დიდი ნაწილი სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გაკეთებულ საბიუჯეტო შენატანს წარმოადგენს, რომელსაც კერძო ტელეკომპანიები იღებენ. არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიას.
40 მილიონი საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ რაციონალურად გამოიყენო. „რუსთავი 2“ ჰქონდა წინადადება რომ რეკლამის დროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ცოტა გადაწეულიყო, თუმცა სხვა ტელევიზების მხრიდან პირიქით იყო. „რუსთავი 2“- ის თემა ხელოვნურად არის წამოწეული და მოხერხებულად გამოყენებული. არანაირი კერძო ტელევიზიის შევიწროება არ ხდება. ლაპარაკია ევრორეგულაციაზე რომელიც ყოველ საათში რეკლამისთვის განსაზღვრული პროცენტის მიცემას მოითხოვს. ეს სარეკლამო ბაზარს დაარეგულირებს. და უფრო კონკურენტულუნარიან გარემოს შექმნის. ლაპარაკია საათში 15% რეკლამისთვის დათმობაზე. არავითარი ფასის დაკლება და საბიუჯეტო პრობლემების შექმნა არ მოხდება. ახალი რეგულაციები 1 აპრილიდან ამოქმედდება“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტზე ვეტოს დადების მოთხოვნით „რუსთავი 2“-მა პრეზიდენტს მიმართა. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები