არჩილ კბილაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებთან დაკავშირებით “კვირა” ყოფილ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ესაუბრა:
– ბატონო არჩილ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რეაქციაში“ აღნიშნა, რომ ის, რაც თქვენ ვერ შეძელით ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაზე, ახალმა პროკურორმა შესაძლებელი გახადა, რა პასუხს გასცემთ იუსტიციის მინისტრს?
– არ მიმაჩნია მართებულად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ და მიზანშეუწონლად მიმაჩნია, იუსტიციის მინისტრს ვუპასუხო.
– პოლიტიკოსი ახლა არ ბრძანდებით. თქვენ იყავით ყოფილი მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება თქვენი მისამართით გააკეთა არა როგორც პოლიტიკოსის, არამედ, როგორც ყოფილი გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის… ფაქტია, თქვენ თანამდებობა ისე დატოვეთ, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე გამოუძიებელი დარჩა.
– კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, როგორიცაა ვაზაგაშვილის საქმე, მე როგორც ყოფილ პროკურორს უფლება არა მაქვს რაიმე განცხადება გავაკეთო, იმიტომ რომ საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
– თქვენ როგორც ყოფილმა პროკურორმა ყველა ძალისხმევა გამოიყენეთ, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე გაცილებით ადრე გამოგეძიებინათ? თქვენივე განცხადებას გაგახსენებთ, სადაც თქვენ ამბობდით, რომ თქვენი თანამდებობაზე ყოფნა სწორედ წინა ხელისუფლების დროს გარდაცვლილი ვაზაგაშვილების, რობაქიძეებისა და გირგვლიანების ოჯახების დამსახურებააო.
– დიახ მახსოვს. ნებისმიერი განცხადება, რომელიც მე წარსულში გავაკეთე, ავღნიშნე როგორც პროკურორმა და დღეს, როგორც არაპროკურორმა და ჩვეულებრივმა მოქალაქემ უფლება არ მაქვს გავაკეთო რაიმე განცხადება, კონკრეტრულ საქმესთან დაკავშირებით. ამას მოითხოვს როგორც კანონი, ასევე ეთიკა.
– როგორც მოქალაქეს და ყოფილ მთავარ პროკურორს გეკითხებით, მიგაჩნიათ რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმე დროულად რომ გამოგეძიებინათ, იური ვაზაგაშვილის ტრაგედია არ მოხდებოდა?!
– მე, ვფიქრობ რომ ესეც ამ შემთხვევაში საქმის ნაწილია და ამიტომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო საჭირო იმისთვის, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოცხადებულიყო.
ამასთანავე, მინისტრმა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ განაცხადა, რომ ის რაც არჩილ კბილაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე თანამდებობაზე ყოფნის დროს ვერ შეძლო, ახალი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის დანიშვნის შემდეგ შესაძლებელი გახდა.
“არ უნდა ყოფილიყო საჭირო ასეთი ტრაგედია იმისთვის, რომ მობილიზება ყოფილიყო ყველა ძალის და საქმე რამდენიმე დღეში გახსნილად გამოცხადებულიყო. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პროკურატურა 2014 წლის სექტემბრიდან აქტიურად მუშაობდა ამ საქმეზე და სწორ გზაზე იყო დამდგარი. სწორ გზაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველ ღონეს ახმარდა ამ საქმის გამოძიებას, რაც მანამდე ასე არ იყო. მე არ გახლავართ პროკურატურის ხელმძღვანელი და თუ რა იყო კონკრეტული მიზეზები, ამაზე პროკურატურის სხვადასხვა ხელმძღვანელები ისაუბრებენ. ბატონი კბილაშვილი, უნდა ფლობდეს იმის შესახებ ინფორმაციას, რაც მან ვერ შეძლო, ის, რაც სექტემბრიდან გახდა შესაძლებელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები