თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ყურადღების ცენტრში მოვაქციოთ

ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევეცადოთ უკიდურესად დაძაბულ რთულ პირობებში საქართველო მოვაქციოთ ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილიმა მიუნხენში, 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენცია მიმდინარებს უკიდურესად რთულ ფონზე, როგორიც არის კრიზისი და საომარი მოქმედებები უკრაინაში.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარებს უკიდურესად რთულ ფონზე – კრიზისი, საომარი მოქმედებები უკრაინაში. ზოგადად, ურთიერთობა რუსეთთან და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები – ეს არის ყველა ლიდერის, ყველა მონაწილის განსაკუთრებული ფოკუსი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ უკიდურესად დაძაბულ რთულ პირობებში საქართველო მოვაქციოთ ყურადღების ცენტრში”, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის სესია გაიხსნა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან, მათ შორის ჯონ მაკკეინთან და ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან კურტ ვოლკერთან.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება NDI-ის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს იან ჯიეჩის, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს მიშელ ფლურნის და ცენტრის პრეზიდენტს რიჩარდ ფონტეინს, ასევე KKR Global Institute-ის დირექტორთან ვენს სერჩუკს და ჯო ლიბერმანს. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეულია კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ქალაქ მიუნხენის სახელით გამართულ მიღებაზე. ასევე ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით იმართება.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 9 თებერვალს დატოვებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები